ქართველი სპორტსმენების გამარჯვება აიკიდოს მსოფლიო ჩემპიონატზე
მსოფლიო აიკიდოს ისტორიაში პირველად, ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
22-25 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ ფიშში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ სიხარულიძემ და ივანე ბიბილაშვილმა პირველი ადგილი დაიკავეს.
სამწუხაროდ მსაჯთა უხეში შეცდომების და მიკერძოების გამო, რეზო ცქიფურიშვილი და გიორგი ბეკოშვილი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ჩემპიონატს. თუმცა მონაწილეთა და მაყურებელთა დიდი სიმპათია დაიმსახურეს.
როგორც საქართველოს საშეჯიბრო აიკიდოს ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ სიხარულიძემ გვიამბო, საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარმოადგენდა: ივანე ბიბილაშვილი, რეზო ცქიფურიშვილი, გიორგი ბეკოშვილი და თვითონ ვახტანგ სიხარულიძე. ცქიფურიშვილის და ბეკოშვილის წყვილი აშკარად ფავორიტები იყვნენ აღნიშნულ ტურნირზე, თუმცა მსაჯთა მიკერძოების გამო, ისინი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.
სიხარულიძემ და ბიბილაშვილმა კატაში დაძაბული შეხვედრების შემდეგ ჰოლანდიის, ბრიტანეთის და ფინალში იაპონიის წყვილთან, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. 2009 წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებს მესამე ადგილი ჰქონდათ მოპოვებული, რაც წელს ოქროს მედლით შეიცვალა.
ჩემპიონატზე მონაწილებდა დაახლოებით 300 სპორტსმენი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ბრაზილია, იაპონია, ბრიტანეთი, ბელგია, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, უკრაინა, შვეიცარია და საქართველო. უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მედლებს მხოლოდ იაპონელი, ბრიტანელი და ქართველი სპორტსმენები დაეუფლნენ.
ამჟამად, საქართველოს აიკიდოს ეროვნული ნაკრები მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებს, რომელიც მომავალ წელს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება და ქართველები მოპოვებული ევროპის ჩემპიონების ტიტულის შეინარჩუნებას შეეცდებიან.