ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინელები დაამარცხეს
ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ჩინეთის ქალაქ ჩენჯუში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს – მეხუთე ტურში ჩვენმა გოგონებმა უკრაინის ძალიან ძლიერ გუნდს 2,5:1,5 სძლიეს. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.
“უკრაინა ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ასევე 2006 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული. ამ გუნდში მსოფლიოს ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, ექს-ჩემპიონი ანა უშენინა და რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფი ანა მუზიჩუკი ირიცხებიან”- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სამინისტრო აცხადებს, ბელა ხოტენაშვილმა უკრაინელების წინააღმდეგ მაღალ დონეზე ითამაშა და პირველ დაფაზე ანა მუზიჩუკს სძლია. საგულისხმოა, რომ მის აქტივში 5 შესაძლებლობიდან უკვე 4,5 ქულაა.
დღეს, 25 აპრილს მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება – საქართველოს ნაკრები აშშ-ს გაეჯიბრება, უახლოესი მდევრის რუსეთის მეტოქე კი პოლონეთი იქნება.