„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!-საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი
მოსამართლის გადაწყვეტილებას ოპოზიციის და მსახიობების კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტულებას გამოეხმაურა. ჯაჭვაძემ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. იცოდეთ, მონობა ცუდად მთავრდება! როგორც სჩანს, კაფკა არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს,- ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან.
როგორც კახა კინწურაშვილმა აღნიშნა, სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღება არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად.
„ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. დღეს ქვეყანაში უამრავი რეჟიმის ტყვე გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ვიხილეთ, არცერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი. აქ გადაწყვეტილებები მიიღება არა ამ შენობაში და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად. ეს არის მტკივნეული“, – აღნიშნა კინწურაშვილმა.
თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის განცხადებით, უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა.
’’აღფრთოვანებული ვარ რეჟიმის ტყვეების სიმამაცით და სიმშვიდით. ისინი დღეს თავისი ქცევით მაგალითს გვაძლევენ. გასაგებია, რომ სასამართლო „კლანის“ მეშვეობით რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები, რომელიც მას პოლიტიკაში გამოსაყენებლად სჭირდება. არაფერი თავისუფალი სასამართლოსი დღევანდელ პროცესს არ სცხია. უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს, სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა“, – განაცხადა ანა დოლიძემ
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე დამსწრე მსახიობები აფასებენ.
როგორც ნანკა კალატოზიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
“მე კარგს ამათგან არაფერს არ ველოდი. ერთადერთი, რასაც ველოდები, არის ამ მოსამართლეების გასამართლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც აქ მართლა იზეიმებს სამართალი”, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
მსახიობ ეკა დემეტრაძის შეფასებით, ყველა ინსტიტუცია “ერთი კაცის ხუშტურებზეა მორგებული”. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ერთი მოსამართლე მაინც აიღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.
“ამ მანიაკებისგან ყველაფერს ველოდები უკვე. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ იქნებ ვინმეს გონება გაუნათდეს და რამე პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, უკვე რამდენი ხანია ვუყურებთ, რომ მანიაკების ხელში ვართ, ერთი ადამიანის ხუშტურებზე არის ყველა ინსტიტუცია, ყველაფერი ჩამოშლილია. ის მოსამართლეც არის ჩვეულებრივი მარიონეტი”, – აღნიშნა ეკა დემეტრაძემ.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება,- ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაში მდგომარეობს.
“ვხედავთ ბრძანებას, რაც აღსრულებაშია მოყვანილი. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ეს უკანონო მთავრობა გადადგეს და დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას დაემსგავსოს. მე-13 წელია ქვეყანა არ გვქვია ჩვენ და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ყველაზე დემოკრატიული და არააგრესიული გამოსავალი აქედან არის არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე პირი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ადვოკატები მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პროცესზე სიტყვის უფლებით რამდენიმე ბრალდებულმა ისარგებლა. მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ და რევაზ კიკნაძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
პროცესზე, რომელიც 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვდა.
სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის. დაცვის მხარემ მისი აცილებაც მოითხოვა, თუმცა მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ როგორც დარბაზში მყოფი დაკავებულების ახლობლები და მეგობრები, ასევე საქალაქო სასამართლოსთან მისული 11-ვე ბრალდებულის გულშემატკივრები. აქცია, დილიდან სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისმოდა შეძახილები: „მონებო!“ პროევროპული აქციების მხარდამჭერების პროტესტი სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა – იმ დროს, როცა ისინი ბრაზს გამოხატავდნენ, რამდენიმე პოლიციელი იცინოდა.
ამავე მოსამართლემ პროკურატურის კიდევ ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა 9 იანვარსაც და მათი, 11 ბრალდებულის, საქმეების განხილვის დაწყება 5 მარტამდე გადადო.