ყალბი ლარის დამამზადებელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ედება ყალბი 1-ლარიანი მონეტების დამზადება და განაღდება.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება”, – აცხადებენ ფინანსურ პოლიციაში.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს და სახლის ჩხრეკის დროს 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და მის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობები ამოიღო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით.