მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმზე კიევის თავდასხმების შემთხვევაში “მთელი უკრაინა დაიწვება”

უკრაინის მხრიდან ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთი საკუთარ საპასუხო ქმედებებს არ შეზღუდავს და მზად არის, ყველა სახის იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხი შეიძლება, იყოს ნებისმიერი. ამის შესახებ სავსებით გარკვევით განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ჩვენ არანაირ შეზღუდვებს არ ვუწესებთ საკუთარ თავს და საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი განმარტებით, ამგვარი ქმედებები შეესაბამება რუსეთის დოქტრინებს, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლებს.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ: პასუხი იქნება სწრაფი, სასტიკი და დამაჯერებელი“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, “აიძულებს თუ არა ყირიმზე დარტყმები რუსეთს, უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყოს” მედვედევი ამბობს, რომ “ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება”
მედვედევმა მცდარი უწოდა დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იარაღის გადაცემა სიტუაციის დიპლომატიურ დარეგულირებას ხელს შეუწყობს.

„შედეგი იქნება სრულიად საპირისპირო. ასეთ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. იქნება მხოლოდ შურისძიების დარტყმები. ცეცხლში გაეხვევა კიევის ხელისუფლების ქვეშ დარჩენილი მთელი დანარჩენი უკრაინა“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. 2,2 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პაკეტი შორ მანძილზე მოქმედ ჭურვებს, GLSDB-ს მოიცავს.

“ყოველთვის დააიგნორე მედვედევი” – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარას ყირიმთან დაკავშირებით.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და უკრაინას მისი გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია.

“საერთაშორისო სამართალი ნათელია. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. აქედან გამომდინარე, მუქარა საპასუხო დარტყმებზე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მხოლოდ მასობრივი მკვლელობების განზრახვის დადასტურება და ტრადიციული რუსული სტილით შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორე მედვედევი”, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევმა დაიმუქრა, რომ ყირიმზე “თავდასხმების შემთხვევაში, მთელი უკრაინა დაიწვება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button