ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის-რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში 7-8 ივლისს განთავსდება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ივნისს ბელარუსის ავტორიტარ მმართველთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემის პროცესი დაიწყება მაშინვე, როცა დასრულდება შესაბამისი ობიექტების მშენებლობა, ანუ 7-8 ივლისს.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.
მოსკოვმა უკვე გადასცა მინსკს სარაკეტო კომპლექსი “ისკანდერი”, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეეძლება და ბელარუსულ თვითმფრინავებს განახლებაში დაეხმარა.
ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე საუბარი პუტინმა 2023 წლის მარტში დაიწყო. აშშ-მა და NATO-ს ქვეყნებმა რუსეთისა და ბელარუსის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს იმ ფონზე, რომ უკრაინაში ერთ წელზე მეტია რუსეთი აგრესიას არ წყვეტს.
რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის სპექტრს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მისი სამხედრო ძალები სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში.
1991 წლის შემდეგ ეს იქნება კრემლის მიერ ამგვარი ბირთვული ქობინების რუსეთის ტერიტორიის გარეთ განთავსების პირველი შემთხვევა, რაც დასავლეთში შეშფოთებას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 25 მაისს მოაწერეს. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პუტინმა, 25 მარტს გააკეთა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.