მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გრძელდება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსიც გახდეს.

“ეს [სანქციების ახალი პაკეტი] შესაძლოა მოიცავდეს რუსული აქტივების კონფისკაციას, ქონების გაყიდვის აკრძალვას და სხვა დეტალებს, რომლებიც განიხილებოდა წინა პაკეტებში. შესაძლოა, ბელარუსი კვლავ გახდეს სამიზნე, რადგან ის სრულად იყო ამოღებული სანქციების წინა პაკეტიდან”, – წერს იოზვიაკი.

ამასთან ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მიმართა აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობითა და გაზით ვაჭრობიდან, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დღეს გამართულ საგანგებო ვიდეო-შეხვედრაზე განაცხადა.

„დიდი შვიდეულის“ და მთელი ჩვენი დემოკრატიული სამყაროს დონეზე უნდა ვუპასუხოთ სიმეტრიულად: როდესაც რუსეთი თავს ესხმის ენერგეტიკულ სექტორს და ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ სტაბილურობას, აუცილებელია, სანქციებით დაიბლოკოს მისი ენერგეტიკული სექტორი, დავანგრიოთ რუსეთის შემოსავლების სტაბილურობა ნავთობით და გაზით ვაჭრობიდან. რუსეთის ნავთობის და გაზის ექსპორტზე საჭიროა მკაცრი ფასის ზედა ზღვარის დაწესება – ნულოვანი მოგება ტერორისტი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ ასეთ ნაბიჯებს შეუძლია მშვიდობის მოახლოება, რადგან აიძულებს ტერორისტ სახელმწიფოს, იფიქროს მშვიდობასა და ომის უსარგებლობაზე.

„აუცილებელია, ასევე ვაღიაროთ აშკარა ფაქტი – ამ მომავლის არმქონე რუსეთის ხელმძღვანელთან არ შეიძლება, გაიმართოს დიალოგი. საუბარი შეიძლება, შედგეს რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან, რომელიც აღიარებს გაერო-ს წესდებას, ადამიანურობის ძირითად პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას ან სხვა კონფიგურაციაში ისე, რომ მთავარ ტერორისტს არ ჰქონდა საშუალება, ტერორის წყალობით, გავლენა მოახდინოს საკვანძო გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მსოფლიოს და ეს ადამიანი მოსკოვშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იაპონური საავტომობილო კომპანია „ნისანის“ აქტივებს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმო მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის მედია წერს უწყების ცნობაზე დაყრდნობით.

საქმე ეხება ქარხანას სანქტ-პეტერბურგში, ასევე გაყიდვებს. სქემა რუსეთის ბაზრიდან „რენოს“ წასვლის იდენტურია. ფრანგული კომპანიის აქტივები მოსკოვს გადაეცა, „ავტოვაზში“ წილები კი – მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია „ნამის“.

„ნისანსა“ და „რენოს“, რომლებიც რუსეთში ალიანსში იმყოფებოდნენ, დარჩათ აქტივების ექვსი წლის განმავლობაში გამოსყიდვის შესაძლებლობა.

„ნისანის“ ქარხანამ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილების წარმოება 2009 წელს დაიწყო. 2021 წელს ქარხანამ წარმოება 17%-ით გაზარდა 45 ათას მანქანამდე. შარშან რუსეთში გაყიდეს 51,5 ათასი „ნისანის“ მარკის ავტომობილი. ბაზარზე წილი 3,1%-ს შეადგენდა.

რუსეთში კომპანია „მეტა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია „მეტა“, რომელშიც შედის სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

მანამდე, 21 მარტს მოსკოვის ტვერსკოეს რაიონულმა სასამართლომ კომპანია „მეტა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მიზეზად კი დასახელდა ის ფაქტი, რომ „მეტას“ მენეჯმენტი უკრაინელებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლებას აძლევს.

როგორც „სიენენი“ წერს, „მეტას“ აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეწყვიტონ მისი ანგარიშების მომსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button