აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ თუ რუსი სამხედროები უკრაინაში პოზიციების დაკარგვას გააგრძელებენ, რუსეთმა ნატოსთან ბირთვულ კონფრონტაციამდე, შესაძლოა, უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მათ შორის არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პენტაგონის მაღალჩინოსნები.
გამოცემის წყაროთა თანახმად, აშშ-ს არ აქვს სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება გარდაუვალია და თავდაცვის სამინისტროს ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზამთარში საბრძოლო მოქმედებები შენელდება და ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვან წინსვლას, მაგრამ ბრძოლის ველზე რუსეთის შემდგომი დანაკარგების და არმიის სრულად დაშლის შემთხვევაში, მოსკოვმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მათ შორის, იარაღი, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირებენ.
Politico-ს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთმა ქიმიური იარაღით შეტევისთვის შესაძლოა, გამოიყენოს ნივთიერებები, რომელთა იოლად დამალვაა შესაძლებელი და ეს დასავლეთს გაუძნელებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამოცემას კომენტარზე უარი უთხრეს.
Politico-სთან საუბარში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-ს ამ ეტაპზე არ გააჩნია დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ვარაუდობს, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში გარდაუვალია, თუმცა ამბობენ, რომ პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შეჩერდება და როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარე ვერ შეძლებს დიდი ნაწილის დაკავებას.
“მაგრამ ბრძოლის ველზე მუდმივი დანაკარგების ან რუსული არმიის სრული დაშლის შემთხვევაში, ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაადგინა, რომ მოსკოვმა შესაძლოა მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას – მათ შორის ისეთსაც, რომლებთანაც ქვეყანა ასოცირდება ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენების გამო”, – ვკითხულობთ სტატიაში.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ასეთი თავდასხმები გულისხმობს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლის დამალვაც მარტივად არის შესაძლებელი და რაც დასავლეთის ქვეყნებს გაურთულებს მომხდარის მოსკოვთან დაკავშირებას.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავიდან, შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური იარაღი, შემდეგ კი, NATO-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუ ბრძოლის ველზე დაკარგავს პოზიციებს.