რატომ ითხოვს მაგდა ხარაიშვილის ოჯახი ინფორმაციის წაშლას – საქმე სასამართლოში გადაიგზავნა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ქალის საქმეზე, ერთი პირია ბრალდებული.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ავარიის შედეგად გარდაცვლილი მაგდა ხარაიშვილის საქმეზე მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ავტომანქანას მართავდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
დღევანდელი მდგომარეობით, მამაკაცს, რომელიც გარდაცვლილი გოგონას მეზობელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაო აქვს შეფარდებული და საქმე უკვე არსებით განხილვაში უნდა შევიდეს.
ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი ქალი იჯდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მეორე მძღოლის ბრალეულობა მომხდარ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2021 წლის 28 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც მანქანაში მყოფი, 25 წლის მაგდა ხარაიშვილი მძიმედ დაშავდა.
ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მკურნალობისა და რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ, 2022 წლის 8 იანვარს, მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევიდან, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების დღემდე, რადიო ჰერეთი, პერმანენტულად აქვეყნებდა ინფორმაციას დაშავებულის მდგომარეობისა და მიმდინარე მკურნალობის თაობაზე, ინტერესდებოდა საქმეზე მიმდინარე გამოძიებით და ავრცელებდა ცნობებს საქველმოქმედო აქციების შესახებ, რომლის მიზანი მაგდა ხარაიშვილის დახმარება იყო. ფაქტებს დაშავებული ხარაიშვილის მძიმე მდგომარეობის, ასევე მოწოდებებს ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით, სოციალურ ქსელში და საჯარო სივრცეში ავრცელდებდნენ გოგონას ახლობლებიც, რაც რადიოს საინფორმაციო სამსახურს აძლევდა საშუალებას, ინფორმაცია ამ გზითაც მიეღო.
ამავდროულად, რადიოს მფლობელი, თავადაც მონაწილეობდა ამ აქციებში. მასალების გამოქვეყნებიდან, თითქმის სამი თვის შემდეგ, რადიოს დაუკავშირდნენ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები და ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე მომზადებული და გამოქვეყნებული მასალების გამო უკმაყოფილება, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატეს. ოჯახის წევრები ცდილობდნენ რადიოს მფლობელის, რამაზ სამხარაძისათვის დაემტკიცებინათ, რომ მასმედიას ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქების უფლება არ აქვს.
გარდაცვლილის დეიდა, რომელიც რადიოს თანამშრომლებს დედად გაეცნო ამბობდა, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა მათი ოჯახის საქმეა.
“თქვენ კომენტარი სთხოვეთ მათ, ვისაც ჩვენს ოჯახთან კავშირი არ ჰქონდა. რა უფლება გქონდათ, რომ სხვებს ეკითხებოდით? მე შემიძლია თქვენი ოჯახური ამბები გარეთ გამოვიტანო? თქვენი ხელმძღვანელი დამპირდა, რომ დღეს, პირველ საათზე დამირეკავდით, რატომ მირეკავთ უფრო ადრე? საერთოდაც, იქნებ არ მინდოდა ოჯახის ამბის გარეთ გამოტანა, ჩემთვის გეკითხათ, იქნებ გეკონტაქტებოდით? “- აცხადებდა მერი ნადაშვილი.
აგრესიული შეტევა რადიო ჰერეთის, მფლობელის, მისი ახლობლებისა რადიოს თანამშრომლების მიმართ, რასაც შეურაცხყოფა და ანგარიშსწორების მუქარა ახლდა თან, გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან, ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მათი მოთხოვნა გარდაცვლილ მაგდა ხარაიშვილზე რადიოს ვებგვერდიდან ინფორმაციის წაშლაა.
ამ ფონზე, რადიო ჰერეთმა ფაქტი შეაფასა, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, იძულებული გახდა მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის და ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოეთხოვა.
რადიოს მფლობელი, რამაზ სამხარაძე, პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.
გარდაცვლილი მაგდა ხარაიშვილის ოჯახის წევრის მერი ნადაშვილის მუქარისშემცველი წერილებისა და ზარების შემდეგ რადიოს მფლობელმა რამაზ სამხარაძემ სოცმედიაში სტატუსი გამოაქვეყნა. მის პირად ტელეფონზე კი 4 ზარი სხვადასხვა ნომრიდან განხორციელდა.
რამაზ სამხარაძე ფიქრობს, რომ საქმის მასალების წაშლა აღნიშნული ქალბატონს სავარაუდოდ ამ საქმის ჩაფარცხვას უკავშირდება.
რადიო ჰერეთის საინფორმაციო სამსახურის გუნდი მიიჩნევს, რომ მაგდა ხარაიშვილთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევა, ისევე, როგორც ყველა სხვა ინფორმაცია, საინფორმაციო გამოშვებებსა და ვებ-გვერდზე, გაშუქდა ჟურნალისტური და პროფესიული ეთიკის ყველა სტანდარტის დაცვით და არავითარი ზიანი გარდაცვლილისა და მისი ოჯახისათვის არ მიუყენებია. ინფორმაცია მაგდა ხარაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მიმდინარე მკურნალობაზე, მოწმდებოდა, როგორც ჰოსპიტალში, ასევე რამდენიმე წყაროსთან ერთდროულად, რომლის გათქმის ვალდებულება მედიასაშუალებას არ აქვს.
რადიოს საინფორმაციო სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას უსწრაფესად მოახდენს.