მნიშვნელოვანისიახლეები

როგორ გზავნილებს ელოდება ბრიუსელიდან ქართული პოლიტიკური სპექტრი

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვიეს.
ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის იქნება მორიგი შესაძლებლობა საერთო ღირებულებების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირებისთვის.
„გვაქვს პატივი მოგიწვიოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, რომელიც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის განმტკიცებას ისახავს მიზნად მიმდინარე გლობალური გამოწვევების პირობებში.
2019 წელს აღვნიშნეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე. მას შემდეგ განვიცადეთ ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მოხდენის რისკის წინაშე ამყოფებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასა და ეკონომიკას. პანდემიამ არც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ გასულ წელს შევხვედრილიყავით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი ჩვენი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა, თან შეგვეძლება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება მაშინ, როდესაც აუცილებელი რეფორმების გზაზე დაწინაურებას ვცდილობთ, გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ვრეაგირებთ და წინ მიგვყავს ჩვენი პარტნიორობა.
ახლადშემოთავაზებული დღის წესრიგი, სახელწოდებით „რეფორმები, აღდგენა და გამძლეობა” გამყარებულია ამბიციური, რეგიონალური, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ეს გახლავთ შორსმიმავალი გზამკვლევი მდგრადი, პოსტ-პანდემიური აღდგენის ხელშესაწყობად, რაც გამძლეობის უნარის გამომუშავებასა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ამ საკითხების განსახილველად გთავაზობთ შეხვედრას ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების დონეზე.
მოუთმენლად ველით თქვენს მიღებას ბრიუსელში და ჩვენს მნიშვნელოვან დისკუსიებს”, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ფიზიკურად 2017 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ვირტუალურად 2019 წელს შეიკრიბნენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ხუთი სახელმწიფოს ლიდერებს უმასპინძლებენ. 12 წლის წინ დაწყებულ ინიციატივაში ექვსი სახელმწიფო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ჩაერთნენ. გასულ წელს ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე უარი თქვა. სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალებზე ითქვა, რომ ბელარუსი ხალხისთვის განკუთვნილი მეექვსე სკამი სიმბოლურად ცარიელი იქნება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ევროსტრუქტურებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები წარმოადგენენ, სამიტის დასასრულს სწორედ შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასასრულს, მხარეები პოლიტიკურ დეკლარაციას მიიღებენ. პარტნიორ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი, ასოცირებულ ტრიოს, რომელიც სამმა ასოცირებულმა სახელმწიფომ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დააფუძნეს, იმედი აქვთ, რომ მათ მისწრაფებებს პოლიტიკური კომუნიკე ადეკვატურად უპასუხებს.
„სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს და გააძლიერებს ერთობლივ მისწრაფებას სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის, საჭირო რეფორმების გატარების, სამომავლო, საერთო პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი, მთავარი გამოწვევების დასაძლევად რესურსების მობილიზების კუთხით. საერთო ღირებულებები და ფუნდამენტური პრინციები რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ძირითად საფუძვლად და მომავლის დღის წესრიგის ყველა საკითხის მთავარ ელემენტად“, – ვკითხულობთ სამიტთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. განცხადების მიხედვით, „ლიდერების გზავნილი იქნება ნდობა და საერთო პასუხისმგებლობა, საერთო ვალდებულებების ჩათვლით, სამომავლო თანამშრომლობის მხრივ პრიორიტეტების ინიცირება და გამოყოფილი საჭიროებების განსაზღვრა“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია პოლიტიკური ასოცირების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. სამუშაო დაფუძნებულია პარტნიორების საერთო ღირებულებებზე, რაც გულისხმობს დემოკრატიის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების პატივისცემის უზრუნველყოფას. სამიტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის ხუთ გრძელვადიან მიზანს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღდგენას, მოქნილობასა და რეფორმებს, როგორც მომავალი დღის წესრიგის მშენებლობის მთავარ კომპონენტებს. გრძელვადიანი ამოცანებია: მდგრადი, მოქნილი და ინტეგრირებული ეკონომიკა; ანგარიშვალდებული ინსტიტუტების უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება; მოქნილი გარემოსა და კლიმატის განვითარება; მოქნილი ციფრული ტრანსფორმაციის მიწოდება; მოქნილი, გენდერულად თანასწორი, თავისუფალი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნა.
ბოლო 4 წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ლიდერებმა განიხილონ ყველა ის გამოწვევა, შესაძლებლობა თუ აქტუალური საკითხი, რომელიც არსებობს როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მკაფიო მხარდაჭერის გზავნილებს ელოდებიან ბრიუსელიდან ოფიციალურ თბილისში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე სამიტიდან უნდა იყოს მკაფიო მოწოდებები კონკრეტული ქვეყნების მიმართ.
“სამიტი ძალიან დროულია, მით უმეტეს იმ ვითარების ფონზე, რომელიც ჩვენთან რეგიონშია, ვგულისხმობ რუსეთის მზარდ აგრესიას. ჩვენ ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან რომ იქნება ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამიტისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა საქარველოს ევროკავშირთან ვერ დაახლოებს. ოპოზიცია სამიტის მონაწილეების მხრიდან მწვავე კრიტიკას მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ელოდება.
“სამიტი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ვერანაირ ახალ წინ გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერანაირად ვერ მოუტანს. ეს იქნება ფორმალობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ დაირღვა შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, შესაბამისი პასუხი ამაზე ევროკავშირის მხრიდან არის შეიძლება ითქვას გაყინვა ურთიერთობების,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button