მსოფლიოსიახლეები

მოსკოვს ნავალნის მოწამვლის არ სჯერა

კრემლში აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებას არ აპირებენ. პუტინის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის მიზეზი. მისივე თქმით, გაურკვეველია, რატომ „ჩქარობენ“ გერმანელი ექიმები სიტყვა „მოწამვლის“ გამოყენებას.

პესკოვმა ისიც თქვა, რომ თუკი ნავალნის ავადმყოფობის მიზეზად მოწამვლა დადგინდება, მაშინ გამოძიება დაიწყება.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ბერლინში, კლინიკა „შარიტეში“ მკურნალობს, წინასწარი ინფორმაციით, მოწამლულია.

„კლინიკური კვლევები ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს. ზუსტი ნივთიერება ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწყებულია ფართო ანალიზი. საწამლავის ეფექტი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარებულ კვლევებში დადასტურდა“, – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის საქმეზე დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აგრეთვე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button