რუსეთი ისლამისტებს კასპიის ზღვიდან ბომბავს [Video]

რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ოთხმა ხომალდმა სირიის მიმართულებით 26 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. რუსმა სამხედროებმა სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ობიექტებს დაუმიზნეს. აღსანიშნავია, რომ იერიშის მიტანა რუსებმა პუტინის დაბადების დღეს დაიწყეს.

„ოთხმა სარაკეტო ხომალდმა 26 დარტყმა განახორციელა 11 სამიზნეზე („ისლამურისახელმწიფოს“ ობიექტებზე). ყველა სამიზნე განადგურებულია, სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა,“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა – სერგეი შოიგუმ.

მინისტრის თქმით, 30 სექტემბრიდან დღემდე ისლამისტების 112 ობიექტი დაბომბეს.

„დარტყმების ინტენსივობა იზრდება, ბოლო ორი დღის განმავლობაში მეტი ობიექტია აღმოჩენილი: სამმართველო პუნქტები, საომარი ხელსაწყოების საწყობები, ჯავშანტექნიკა, საწვრთნელი ბანაკები – ყველა ეს ობიექტი განადგურებულია,“ – აღნიშნა შოიგუმ.

პუტინმა რუსი სამხედროები სმოქმედებები სირიაში დადებითად შეაფასა.

„ვიცით, რა ძნელია ასეთი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება და რა თქმა უნდა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა რაც აქამდე გაკეთდა, ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბრიდან, სირიის პრეზიდენტის – ბაშარ ასადის თხოვნით, რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების განახორციელება დაიწყო. კრემლის განცხადებით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს, თუმცა, სირიის ოპოზიცია ირწმუნება, რომ რუსული შეტევის მსხვერპლი ასადის ოპოზიცია და მშვიდობიანი მოსახლეობაც გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button