რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი 19 სექტემბერს განთავსდა რუსეთის ფედერაციის პარლამენტის პალატის საკანონმდებლო საქმიანობის მონაცემთა ბაზაში. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
“რატიფიცირდეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის 2023 წლის 23 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში ხელმოწერილი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების”, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში მოცემულ განმარტებით ბარათსა და მთავრობის დასკვნაში მითითებულია, რომ “ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით”.
იმავდროულად, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ “ამ შეთანხმების წყალობით, რუსეთი გახდა სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მთლიანად რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის პრევენციის გარანტი”.