მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“რუსეთი საქართველოს თავს დაესხა”

“რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები.” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანჯეი დუდას თქმით, ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების ყოფნა პოლონეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტია და ბოლო 10 წლის განმავლობაში გაძლიერებული
რუსეთის იმპერიული ამბიციების ფონზე, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“ვაღიარებ, რომ ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, არ გაიყვანოს შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ევროპის ტერიტორიიდან, რადგან ევროპის უსაფრთხოება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

“პოლონეთი მზადაა, მიიღოს ამერიკელი ჯარისკაცები. 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია, ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები. მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს. დღესდღეობით, ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების ყოფნა პოლონეთში იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი სერიოზულად აღიქმება. ალიანსის ძალების ყოფნას პოლონეთში, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მშვიდობა და უსაფრთხოება მოაქვს. რუსეთის მძლავრი იმპერიული ამბიციები ბოლო ათი წლის განმავლობაში განახლდა. ამის თქმა შემიძლია, რადგან საქართველოზე თავდასხმა 2008 წელს მოხდა. ეს ამბიციები შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს ამ ნაწილში. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს შეერთებული შტატების პოლიტიკის უზარმაზარი დამსახურებაა.” – განაცხადა დუდამ.

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან სამხედრო დანაყოფების ნაწილის პოლონეთში გადაყვანას გეგმავს, რაც რუსეთისთვის მძლავრ სიგნალს წარმოადგენს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოფიციალური ბერლინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ გერმანია ენერგომატარებლის რუსეთისგან შესაძენად მილიარდობით დოლარს იხდის.

პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც თეთრ სახლს კორონავირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ ესტუმრა. პრეზიდენტების განცხადებით, უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.

“ჩვენ პოლონეთში ჯარების დამატებით დანაყოფებს გავაგზავნით. სავარაუდოდ, მათ გერმანიიდან გადავიყვანთ, რადგან გერმანია არ იხდის იმ თანხას უსაფრთხოებისთვის, რასაც წესით, უნდა იხდიდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნის რუსეთს. მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთში გაგზავნილი უფრო ძლიერი სიგნალია ის ფაქტი, რომ გერმანია რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდის, რომ რუსეთიდან ენერგია შეიძინოს მილსადენის საშუალებით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მყავს გერმანიაში ბევრი მეგობარი და ხალხი ძალიან უკმაყოფილოა ამით. ისინი ხარჯავენ მილიარდობით დოლარს რუსული ენერგიის შესაძენად. შემდეგ კი, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი რუსეთისგან. ასე რომ, ეს არც ისე კარგად მუშაობს.” – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button