მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზაზე საუბრობს და უკრაინას ნავსადგურების დანაღმვაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზაზე საუბრობს და უკრაინას ნავსადგურების დანაღმვაში ადანაშაულებს.

პუტინის განცხადებით, თუ მარცვლეულით დატვირთული გემები სადგურებს დატოვებენ, რუსეთი მათი მშვიდობიანი გავლის გარანტორი იქნება.

მან ამის გაკეთება შესთავაზა მარიუპოლისა და ბერდიანსკის რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტების, უკრაინის მიერ კონტროლირებადი პორტების და რუმინეთის, პოლონეთისა და ბელორუსის გავლით სარკინიგზო გზით. ინტერვიუს ფრაგმენტი არხმა “რუსეთი-24”-მა გაავრცელა.

“უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ შევუშლით. ექსპორტის რამდენიმე გზა არსებობს: ეს შესაძლებელია უკრაინის კონტროლს დაქვემდებარებული პორტებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ოდესა და მიმდებარე პორტები. ნავსადგურების მისადგომები ჩვენ არ დაგვინაღმავს, ეს უკრაინამ გააკეთა. მე უკვე ბევრჯერ ვუთხარი ჩვენს ყველა კოლეგას: განაღმონ ტერიტორია და მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა დატოვონ სადგურები. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ მშვიდობიან გასვლას საერთაშორისო წყლებში. არის მარცვლეულის ექსპორტის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ეს არის აზოვის ზღვის პორტები – ჩვენ კონტროლქვეშ არსებული ბერდიანსკი, მარიუპოლი. მზად ვართ, უპრობლემოდ უზრუნველვყოთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ყველა ამ პორტით. ექსპორტი დუნაის, რუმინეთის, უნგრეთის ან პოლონეთის გავლითაც არის შესაძლებელი. ყველაზე მარტივი და იაფი გზა, რადგან უკრაინიდან პირდაპირ ბალტიის ქვეყნების პორტებია, არის ბალტიის ზღვა და შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუმცა ამისთვის ბელარუსს სანქციები უნდა მოხსნან. ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ გრიგორის ძე საკითხს ასე აყენებს,”- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

პუტინის თქმით, ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულით უკრაინული გემების გავლის გარანტიას იძლევა, თუ კიევი ნაღმებისგან გაასუფთავებს ფარვატერს. პუტინი პირობას დებს, რომ ამ ვითარებას მოსკოვი სამხედრო შეტევისთვის არ გამოიყენებს. პოლიტიკოსი უარყოფს, რომ სურსათის ბაზარზე სიტუაცია რუსეთის გამო გაუარესდა და აცხადებს, რომ ნეგატიური დინამიკა საერთაშორისო ბაზარზე ომამდე დაიწყო.

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ხუთ უმსხვილეს მწარმოებელს შორის არიან. უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დაწყების შემდეგ, სურსათის ფასები მკვეთრად გაიზარდა. მარცვლეულისა და საწვავის ფასების ზრდა გავლენას ახდენს ნებისმიერი საკვების ფასებზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მაისში განაცხადა, რომ მსოფლიოს 43 ქვეყნის 49 მილიონ მცხოვრებს ომის ფონზე შიმშილი ემუქრება.

გაერომ მოსკოვს მოუწოდა, რომ მარცვლეულის ექსპორტის რუსეთის პორტებიდან ნებართვა გასცეს. ეს თემა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button