მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული შენაერთები ძლიერდებიან სლოვიანსკის მისადგომებთან, რადგან ისინი ემზადებიან ქალაქზე შეტევის განახლებისთვის

უკრაინაში ომის 101-ე დღეა. რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტებმა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. თავდასხმისგან გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია.

ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ და მტერს ნაწილობრივი წარმატება აქვს. ამასთან, რუსებმა ვერ მიაღწიეს პროგრესს წინ წაეწიათ სხვა დასახლებებში იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინული ძალები იცავენ – მათ შორის ბახმუტში, სოლედარსა და ლისიჩანსკში.
გენერალურმა შტაბის ცნობით, რუსები ცდილობდნენ გადაეკვეთათ მდინარე სივერსკი დონეცკი და „შეექმნათ პირობები ძირითადი ძალების გამოყენებით მისი გადალახვისთვის“.

ამასთან, ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილოეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალები შეეცადნენ შეეკავებინათ უკრაინელი სამხედროების წინსვლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით.

„მტერი აგრძელებდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინაღმდეგ ცეცხლის გახსნას თვითმფრინავების, არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარების, ნაღმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსული შენაერთები ძლიერდებიან სლოვიანსკის მისადგომებთან, რადგან ისინი ემზადებიან ქალაქზე შეტევის განახლებისთვის.

“რუს ოკუპანტებს არ შეუწყვეტიათ შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და განაგრძობენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

მტერმა წარუმატებელი შეტევა განახორციელა სოფელ ვერნოპოლის მიმართულებით, აქვს დანაკარგები. დონეცკის მიმართულებით, რუსები ჩვენი ჯარების პოზიციებს უტევენ კონტაქტის მთელ ხაზზე. იყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო ავიაციას. საომარი მოქმედებების დროს მტრის ქვედანაყოფების წინსვლის მაჩვენებელი დაბალია, პერსონალის ფიზიკური დაღლილობის, დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო. დამპყრობლებს ეშინიათ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის, რომელიც განსაკუთრებით იზრდება ხერსონის რაიონში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა დონეცკსა და ლუგანსკში ცხრა თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა ერთი ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ექვსი ჯავშანტექნიკა, ორი სპეციალური ჯავშანმანქანა და სამი ერთეული სამხედრო მანქანა. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა და ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი,”– აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი.

არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმაც.

“10 სხვადასხვა ქალაქს რუსული არმია ყოველდღიურად უტევს საარტილერიო რაკეტებით. 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა თითქმის 2500 რაკეტა, დარტყმების უმრავლესობა ქალაქებში, ურბანულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა და იყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს უნახავს და სმენია, თუ რა გააკეთეს რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქ ბუჩას ხოცვა-ჟლეტვისას, ხალხი აწამეს, მოკლული ადგილობრივების ცხედრები ქუჩებში ეყარა მაშინ, როდესაც რუსი ჯარისკაცები კვლავ ქალაქში რჩებოდნენ. ერთ-ერთი რუსული ბრიგადა, რომელმაც ბუჩაში ეს ყველაფერი ჩაიდინა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, იყო რუსეთის ხაბაროვსკის ტერიტორიის ბრიგადა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button