მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს-გაეროს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

მისი თქმით, კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მილიონობით მოქალაქე კი აიძულა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

„ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს – საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსების,“- აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

მისი თქმით, გაერო ჰუმანიტარულ ძალისხმევის მიმართ ერთგულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები და დიალოგი იქნება საჭირო.

„რაც მალე დაიწყებენ მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ ომმა გამოიწვია წარმოუდგენელი ნგრევა, გადაასახლა მილიონობით ადამიანი, გამოიწვია ადამიანის უფლებების მიუღებელი დარღვევები და წარმოშვა სამგანზომილებიანი გლობალური კრიზისი – სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური, რაც მისი თქმით, დარტყმას აყენებს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს და ეკონომიკებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button