რუსეთის პრეზიდენტმა ვოლგოგრადის აეროპორტს „სტალინგრადი“ დაარქვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა სამხედრო ოპერაციის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გააცნო.
ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.
რუსული მედიის ცნობით, გამოკითხვის თანახმად, ვოლგოგრადის მცხოვრებლების 67-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი აეროპორტისთვის „სტალინგრადის“ დარქმევას.
კრემლის საიტზე 29 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს „ისტორიული სახელი სტალინგრადი“ მიანიჭა „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად“.
დღევანდელ ვოლგოგრადს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ცარიცინი იყო, სტალინგრადი 1925 წელს დაარქვეს საბჭოთა ბელადის, სტალინის პატივსაცემად. სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 1961 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სტალინგრადს ვოლგოგრადი ეწოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად, 2023 წლის ზამთარში, ქალაქ ვოლგოგრადის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“.