მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქალაქები კრამატორსკი და სლავიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 29 მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი ავრცელებენ ინფორმაციას.

„კიდევ ერთი დღე, რომელიც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით. აგრესორმა სახელმწიფომ ცეცხლი გაუხსნა ჩვენს სლავიანსკს. სამწუხაროდ, არის დაღუპული და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობების მქონე დაშავებულები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქის ცენტრზე დღეს დილით დაახლოებით 10:30 საათზე „ეს-300“-ის ტიპის ორი რაკეტით განახორციელა იერიში. შედეგად, დანგრეულია ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ასევე დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი.
პაველ კირილენკოს ცნობით, ამავე დროს რუსეთმა ორი რაკეტა გაისროლა ქალაქ დრუჟკოვკის მიმართულებით, რის შედეგადაც დანგრეულია ბავშვთა სახლი. როგორც ცნობილია, არ არიან დაღუპულები და დაშავებულები.

დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

მელიტოპოლის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის არმიამ განახორციელა საარტილერიო დარტყმა, რომლის შედეგად დაიჭრა 4 ადამიანი, ნაწილობრივ დაინგრა ერთი შენობა და რამდენიმე დაზიანდა.
მელიტოპოლის ლეგიტიმური მერის, ივან ფიოდოროვის ცნობით, აფეთქებები მოხდა შენობაში, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. ფიოდოროვის თანახმად, შედეგები მოგვიანებით გაირკვევა.
ქალაქში რუსეთის მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა, მან გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ჩანს რომ სპეციალური სამსახურები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოევიკები უძლური გაბრაზებით ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას, აშინებენ მათ მძიმე იარაღიდან დაბომბვით”, – თქვა მან.

რუსეთის მიერ დანიშნულმა ადგილობრივმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მელიტოპოლის ცენტრში შენობა “ნაწილობრივ განადგურდა”.

„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი და დაზიანებულია რამდენიმე შენობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 10 დასახლება დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ჩერნიგოვის 2 სასაზღვრო სოფელზე, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები. ასევე ხარკოვის ოლქში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ხერსონის ოლქში ნაღმების აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტულაში მათ შეძლეს უკრაინული დრონის ჩამოგდება, შედეგად დაშავდა სამი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა.

ბახმუტში უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა იერიში მიიტანა ე.წ. ვაგნერის დაჯგუფებაზე, მოკლულია სულ მცირე 15 დაქირავებული მებრძოლი.

უკრაინის გენ.შტაბი არ გამორიცხავს, რომ ავდიივკა მალე “მეორე ბახმუტად” იქცეს. ქალაქში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებებია უახლოეს პერიოდში მობილური კავშირი გაითიშება. კიევის გადაწყვეტილებით, დასახლებიდან კომუნალური სამსახურების თანამშრომლების გაყავთ.

დონეცკის ოლქში ყველაზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის გარეშემო. სლავიანსკი, რომელიც 2014 წლის აპრილიდან ივლისამდე პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს ეკავათ ფსბ-ს პოლკოვნიკ იგორ სტრელკოვის (გირკინი) მეთაურობით, ბახმუტის დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 20 კილომეტრზე.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

“დონეცკის მიმართულებით, გუშინ, რუსებმა ავდეევკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანდა სასტუმრო და სასამართლოს შენობა. დღის განმავლობაში, კურახოვოში 6-ჯერ გაისროლეს. ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 1 მცხოვრები მოკლეს, 2 ადამიანი დაშავებულია”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, ლისიჩანსკის მიმართულებით 3 სახლი დაინგრა და 6 დაზიანდა ზვანოვკაში, 4 სახლი დაზიანდა პერეეზდნოში, ასევე დაზიანდა კერძო სახლები სევერსკში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოსკოვი უარყოფს, რომ რუსეთის ჯარები დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button