რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კურსკში სადაც უკრაინის ძალები ოთხი დღეა შეიჭრნენ
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთმა კურსკის რეგიონში “ფედერალურ დონეზე” საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გადაჰყავს, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები. უკრაინის ძალები ოთხი დღეა კურსკის რეგიონში შეიჭრნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები, იუწყება სააგენტო “ინტერფაქსი”.
სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება.
რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.
მას შემდეგ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ბლოგერები და სხვა წყაროები.
ამასთან რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, 19 ლიპეცკში, 7 – კურსკში, 5 – ბრიანსკში, 4 – ვორონეჟში, ერთი ორიოლში, 5 ყირიმში და 8 – შავი ზღვის თავზე.
„გარდა ამისა, შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი შვიდი უეკიპაჟო კატერი განადგურდა,“ – აცხადებენ უწყებაში.