რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალი“ დაბლოკეს
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება
რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალი“ დაბლოკეს. „როსკომნადზორის“ განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა. კერძოდ კი, წვდომა შეზღუდულია რუსული კანონმდებლობის დარღვევის გამო, რომლის დაცვაც „აუცილებელია მესენჯერის ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის გამოყენების აღსაკვეთად.“
ხარვეზები აპლიკაციაში მომხმარებლებმა შენიშნეს, ახლა მისი გახსნა შეუძლებელია VPN-ის ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე.
კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტების შეფასებით, აპლიკაცია „სიგნალი“ ყველაზე უსაფრთხო და დაცულ საკომუნიკაციო პროგრამას წარმოადგენს, რომლის მუშაობის პრინციპი და შეტყობინებების დაშიფვრის შესაძლებლობა მობილურ ოპერატორებსა და სპეცსამსახურებს მიმოწერაზე წვდომის შესაძლებლობას არ აძლევს.
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ცნობით, კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.
წყაროების ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.
„ჩაატარეს კვლევა, როგორ შექმნან ნორმალური მესენჯერი, რომ ყველაფრის „გაქაჩვა“ შეძლოს და WhatsApp-ს შეედაროს. გადაწყვიტეს საფუძვლად „ტამტამ“-ის აღება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების ცნობით, „ტამტამ“-ს „წერტილოვანი ტექნიკური გაუმჯობესებები“ სჭირდება და ეს დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება.
ცნობისთვის, აქამდე YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს.