მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა „უცხოეთის აგენტების“ სიაში კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა ოკუპირებული აფხაზეთიდან

რუსეთის ფედერაციამ „უცხოეთის აგენტების“ ცნობილ სიაში დღეს კიდევ ორი ჟურნალისტი შეიყვანა ოკუპირებული აფხაზეთიდან – იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა.

ნიზფა არშბა სააგენტო „აიაშარას“ რედაქტორია, იზიდა ჭანია კი გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი.

ორივე მათგანის სახელი შესულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ განახლებულ „უცხოეთის აგენტების“ სიაში.

„უნდა ითქვას, რომ დღეს აფხაზეთში დამოუკიდებელი მედიის ყველა ხელმძღვანელი გამოცხადდა უცხოურ აგენტად“, – წერს „ნუჟნაია გაზეტას“ ადმინი ტელეგრამის არხზე.
ორივე ჟურნალისტი ოკუპირებულ აფხაზეთში დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენელია. ამის დასტურია რუსული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო მედიების მიერ მომზადებული სიუჟეტები, რომლებშიც ნიზფა არშბასა და იზიდა ჭანიაზეა საუბარი. პროკრემლისტური მედიები ამბობენ, რომ “ორივე ჟურნალისტი ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ და დასავლურ ინტერესებს ატარებდა და ცდილობდა მოსახლეობაში ეჭვის გაჩენას, რომ აფხაზეთს არ შეუძლია სუვერენული სახელმწიფო იყოს. ისინი ღიად უჭერდნენ მხარს პროტესტს, რომელმაც აფხაზეთის პრეზიდენტის გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება გამოიწვია”.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა “უცხოური აგენტების” რეესტრში კიდევ ერთი აფხაზი ჟურნალისტი, გაზეთ “Чегемская правда”-ს რედაქტორი, ინალ ხაშიგი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთში “უცხოური აგენტების” რეესტრში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე მოხვდა.
ორიოდე კვირით ადრე, 7 მარტს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ამავე სიას დაამატა ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი და აფხაზი პოლიტოლოგი, ჟურნალისტი ინალ ხაშიგი.

კიდევ უფრო ადრე, 3 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ ბადრა გუნბა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. II ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც პირველ ტურშიც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ლევშიცი საქართველოში 2019 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად, ტელეგრამის არხზე მას 112 ათასი გამომწერი ჰყავს. ხაშიგმა 2004 წელს გამოსცა გაზეთი “ჩეგემსკაია პრავდა” და დღემდე მთავარი რედაქტორის ფუნქციას ასრულებს.

„უცხოეთის აგენტების“ სიაში დღეს ასევე დაამატეს:

ცნობილი რუსი რეჟისორი ივან ვირიპაევი (რომელმაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა);
პანკ-როკ ჯგუფ Korol i Shut-ის ყოფილი წევრი ალექსანდ ბალუნოვი;
მწერალი მიხაილ შიშკინი;
ქუჩის მხატვარი სტანისლავ კომისაროვი (Slava PTRK).
7 მარტს „უცხოეთის აგენტების“ სიაში ასევე შეიყვანეს ჟურნალისტი ვასილი გატოვი, პოლიტოლოგი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის და რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი ჟირნოვი და პოლიტოლოგი, ლენინგრადის ოლქის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი ანტონ კლიმოვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button