რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის “საზღვარი” გაიხსნა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილიდან დაკეტილი იყო, გახსნა.
რუსეთის მხრიდან, ე.წ. „საზღვრის“ გახსნის შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა.
დღეიდან, 15 სექტემბრიდან, „სამხრეთ ოსეთში“ ჩასულებისთვის სავალდებულო აღარ არის 2-კვირიანი კარანტინიც. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ისევ ჩაკეტილი აქვს.
დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მაისიდან „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსი 90 ადამიანს დაუდასტურდა და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთში იმყოფებოდა.
რუსეთი, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოდან გახსნა. აგვისტოში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე 81 შემთხვევა ჰქონდათ აღრიცხული, 31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით კი, – უკვე 593. აფხაზეთში COVID-19-ით 6 ადამიანია გარდაცვლილი.
დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასაც დაკეტილი აქვს, თუმცა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობისგან განსხვავებით, “საზღვარს” პერიოდულად, “ჰუმანიტარული მიზნებით” ხსნის.