მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ

ომის 176-ე დღე უკრაინაში

ომის 176-ე დღე უკრაინაში – რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ. დილით მათ იერიში მიიტანეს ხარკოვის ჩრდილოეთით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა – ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა. მათ შორის არიან ხანდაზმულები და შშმ პირებიც. უწყებაში ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის გვერდით არანაირი სამხედრო ობიექტი არ იყო.

“რუსეთი აგრძელებს ხალხის ხოცვას შუა ევროპაში. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა არის უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების მიწოდება და რუსეთისთვის ბევრად უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.”- წერს კულება Twitter-ზე.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 4 ადამიანი ამოიყვანეს – მათი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ცნობილია, დაშავებულთა შორის არის 11 წლის ბავშვიც. რაკეტა სალტოვკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ადგილზე 80 მაშველი მუშაობს. საავადმყოფოში გადაყვანილთა შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

რუსი ოკუპანტების მიერ მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ეხმაურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურებულია.

“სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე, შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება და აჩვენებს აგრესორის უძლურებას. შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button