ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ
რთულია ვითარება ზაპოროჟიეში სადაც ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ დაიბომბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიას მარტიდან ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსეთის სამხედრო ძალებს სარაკეტო იერიშები დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის, სუმისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებზეც მიაქვთ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზაპპოროჟიეში ოკუპანტები ცდილობენ, რომ სიტუაცია თავის სასიკეთოდ გაიუმჯობესონ, თუმცა მათი მცდელობა უიმედოა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ. ამის შესახებ განცხადება გენერალ ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა გააკეთა. კირილოვი ატომურ ობიექტზე მყოფ რუსულ სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, ატომური სადგურის გაჩერება შესაძლოა, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდეს, რადგან როგორც მოსკოვში ამბობენ, უკრაინელები აგრძელებენ ატომური ობიექტის მისამართით სროლას.
თავის მხრივ, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ატომური სადგურის გარშემო მოვლენების ნებისმიერ სცენარით განვითარებისთვის უნდა იყოს მზად.
ზაპოროჟერს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ვითარება 5 აგვისტოს შემდეგ დაძაბულია. რუსეთი და უკრაინა სადგურის მისამართით სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კიევში მოითხოვენ, რომ სადგურზე საერთაშორისო ექსპერტები დაუშვან, ხოლო რუსმა სამხედროებმა ატომური ობიექტი დატოვონ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ატომური სააგენტო მზად არის, ზაპოროჟიეს სადგურზე ჩავიდეს. მისიას სააგენტოს დირექტორი უხელმძღვანელებს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩასვლა ზაპოროჟიეში კიევიდან მათთვის მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ აბსოლუტურმა გამჭვირვალობამ და სიტუაციის კონტროლირებადობამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ნორმალური ბირთვული უსაფრთხოების ეტაპობრივი დაბრუნება.
“უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი ბირთვული სპეციალისტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუდმივ კონტაქტზე არიან. ახლა ისინი მუშაობენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ აბსოლუტურმა გამჭვირვალობამ და სიტუაციის კონტროლირებადობამ შეიძლება უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ნორმალური ბირთვული უსაფრთხოების ეტაპობრივი დაბრუნება. რუსული არმია უნდა წავიდეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და ყველა მეზობელი რაიონიდან, უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ტექნიკა სადგურიდან. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება მალე. უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან და შესაბამისი მისია ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება გაიგზავნოს ლეგალურად, ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად,” – აცხადებს ზელენსკი.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა სერბეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
როგოც იენს სტოლტენბერგი ამბობს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიას და დაარწმუნონ რუსეთი, რომ ომი დაასრულოს.
“მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი. რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასა და საერთაშორისო საზოგადოებას. სასწრაფოდ უნდა დაუშვან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექცია და უზრუნველყონ რუსული ძალების გაყვანა,” – აცხადებს სტოლტენბერგი.
გარდა ამისა სააგენტო Reuters-ის ცნობით, კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს უარყო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის წინადადება სამხრეთ უკრაინაში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.
პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ივან ნეჩაევმა, განაცხადა, რომ ეს წინადადებები “მიუღებელია”.
ცნობისთვის რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.
13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, “საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება”.
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინულ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა.