მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთისა და უკრაინის პირველი პირები ორმხრივ შეხვედრას მართავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ერთდღიანი ვიზიტით ეწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებებისთვის მიიღო. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები პოტოცკის სასახლეში იმართება. ორმხრივი შეხვედრისას თურქეთისა და უკრაინის პირველი პირები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავენ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანი აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბროს. ამასთან, ის მზადაა, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა.

ამასთან თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, რომელზეც მინიშნება პუტინმა, სოჭში 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებისას გააკეთა.- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ლიდერების მთავარი მიზანი თითქმის ექვსთვიანი ომის დიპლომატიური გზით დასრულებაა- პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით რუსეთი აგრესიას არ წყვეტს.თურქული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ლიდერებმა ომის ე.წ.
გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად.

შეხვედრის პარალელურად, უკრაინელები აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ უკრაინას მეტი ყურადღება სჭირდება.
აქციის მონაწილე ანასტასია ზანოსი ამბობს, რომ კითხვები აქვს გაეროს გენერალურ მდივანთან.

“არ მესმის რატომ არ მიიწევს წინ ექსტრადირების პროცესი, რომელიც ჩვენ თურქეთის პრეზიდენტს ვთხოვეთ, ამის შესახებ აზოვსტალის მებრძოლებმაც ითხოვეს. მე უბრალოდ არ მესმის. მე ასევე მაქვს შეკითხვები გაეროს გენერალურ მდივანთან, რატომ არ მოქმედებენ? რატომ არაფერს აკეთებენ? როცა ეს არის მათი მიზანი, მათი ამოცანა. სწორედ ამიტომ არსებობს ეს ორგანიზაციები,”- აცხადებს აქციის მონაწილე.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეუერთდება და სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხზე იმსჯელებენ. ანტონიო გუტერეშთან პირისპირ შეხვედრაზე ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ მდივანს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც დიპლომატიური საშუალებებით უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად შეიძლება გადაიდგას, ასევე ისაუბრებენ იმაზე თუ როგორ შეინარჩუნონ უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმი.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი უკრაინელ კოლეგას ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა და მასთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
„შეხვედრისას მოხდა ხედვების ორმხრივი გაცვლა რეგიონში არსებულ თავდაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ – აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ რომ უკრაინის ქალაქ ლვივში დღეს, 18 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლვივში გუშინ, 17 აგვისტოს ჩავიდა. ლვივის შემდეგ ანტონიო გუტიერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს.
ცნობისთვის ეს ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ერდოღანის პირველი ვიზიტია. თურქეთის პრეზიდენტი ლვივში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button