მნიშვნელოვანისიახლეები

რუსულმა კანონმა მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს-პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს იმავე სახით უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

პარლამენტისთვის გადაცემულ შენიშვნების დოკუმენტში სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი “ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას” და ამასთანავე აღნიშნავს, რომ იგი 2023 წლის მარტში გაწვეული კანონის იდენტურია, რომელთა შორის სხვაობაც მხოლოდ სახელწოდებებშია.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ “კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია” და იგი თავისი შინაარსით არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიულია. პრეზიდენტის თქმით, რუსული კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია, რადგანაც მიუღებელია მისი პრინციპები.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 – „თანასწორობის უფლებას“. და 78-ე მუხლებს-„ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტირებში ინტეგრაციას“

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
კანონს ოფიციალური სახელით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტი უწოდებს არაკონსტიტუციურს და ჩამოთვლის მიზეზებს. მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს „გაერთიანების თავისუფლება“:

„კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ, გაუქმდეს“.

პრეზიდენტის შენიშვნებში ასევე წერია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, „პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები“. რადგან კანონი აწესებს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულებას, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, რომ მისი პირაადი და ოჯახური სივრცე იყოს დაცული ყოველგვარი გაუმართლებელი ჩარევისგან.

„ამ კუთხით კანონი ინტიმიდაციას და შიშის დანერგვას ემსახურება“.

მისი თქმით, კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანებების მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტს მოიცავს და დაუსაბუთებელია, რატომ განასხვავებს არაკომერციულ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღების ნიშნით.

„იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. კანონის გაუქმება აარის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“.

ბოლოს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტს სთავაზობს კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე.

თავად კანონპროექტში დამატებულია მხოლოდ ერთი მუხლი, სადააც წერია, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე“. “აგენტების კანონს” პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 18 მაისს დაადო და განაცხადა:

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“.

ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი – 83 ხმა აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button