“საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი,,
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ შევუერთდით სანქციებს.
როგორც მან განმარტა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
“საერთოდ, რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში
გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესს და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.
“რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროპის 27 ქვეყნის ელჩმა “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები, ევროპული ქცევა არ არის.
მანჯგალაძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ევროპულად მოიქცნენ.
“თქვენ რას აკეთებთ? ყოველდღიურად ცდის დამოკიდებულებას რუსეთზე იმ იმედით, რომ ქართველი პურის სანაცვლოდ დათმობს თავისუფლებას. ევროპის 27 ელჩი მოვიდა. მათ შორის, მოვიდა უნგრეთის ელჩიც და გითხრათ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის ევროპული ქცევა. გინდათ ევროპა? მოიქეცით ევროპულად, რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი და პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.