მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“საგანგებოს გახანგრძლივების შემდეგ, მანქანების შეზღუდვაც უნდა გაგრძელდეს”

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე მხოლოდ იმიტომ აიკრძალა, რომ ჯერჯერობით, საგანგებო მდგომარეობა სწორედ ამ დრომდე მოქმედებს. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა, პარლამენტი ამაზე მსჯელობას 22-23 აპრილს აპირებს. სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შემდეგ, სავარაუდოდ, ავტომობილების შეზღუდვაც გაგრძელდება.

“ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არის პირდაპირ დამოკიდებული არა სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ, საგანგებო მდგომარეობის ვადასთან. შესაბამისად, 21-დან, როდესაც პარლამენტის თანხმობით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, პარალელურად, გაგრძელდება თუ არა ავტომობილების შეზღუდვა, ამაზე გადაწყვეტილებაც, იქვე იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ალბათ უნდა გაგრძელდეს.

ნებისმიერი შეზღუდვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და ადამიანები დიდი რაოდენობით არ გამოფენილიყვნენ გარეთ, 100%-იანი მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა… გამკაცრდება თუ არა კიდევ [შეზღუდვები], ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მოლოდინები იყო, რომ ეს გაცილებით ჩქარა დამთავრდებოდა, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა,” – თქვა სუბარმა.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი – კომენდანტის საათი მოქმედებს. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეჩერებულია რკინიგზა, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ახლა უკვე მსუბუქი ავტომობილებიც, არ მუშაობს აგრარული ბაზრები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული. ასევე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია.

თუმცა, ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის და გამკაცრებული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღავლენს. ასევე, არ იცვლება ზიარების წესიც – მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ისინი ტაძარში 21:00 საათამდე მივლენ და 06:00 საათამდე დარჩებიან.

ეპიდემიოლოგები ვირუსის შემთხვევების განსაკუთრებულ მატებას მაისის დასაწყისში, სწორედ რელიგიური დღესასწაულების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში ელოდებიან. ისინი მრევლს მოუწოდებენ, სახლიდან ილოცონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button