“სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა”- პრემიერი პოლიციელებს ულოცავს
“ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა და დანაშაულის აღკვეთა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. პოლიციელები მოვალეობას ასრულებენ მაღალი პროფესიონალიზმით და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ღირსეული პოლიციელების როლზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პატივი მიაგო გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას და მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის შვილს მიმართა.
„პატარა ვაჟკაცო, შენ ღირსეული მამის შვილი ხარ, მამაშენი გმირია, რომელიც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. ქედს ვიხრი თითოეული გარდაცვლილი პოლიციელის ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და პირადად მისთვის თითოეული პოლიციელი განსაკუთრებით ძვირფასია.
„ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად ავიწყდებათ, მათ შორის პოლიტიკოსებს, რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ – ეს არის 24-საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები. თქვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და საპატიო იყო, რომ ერთი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება და პატივი, ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. შემიძლია, ამაყად და თავისუფლად გითხრათ, რომ გულწრფელად ვემახურე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მჯერა, ჩვენს მიერ გაკეთებული თითოეული საქმე აძლიერებდა ამ სამინისტროს, მაგრამ არა ჩემი პირადი ან ჩვენი გუნდის პოლიტიკური ინტერესებისთვის, არამედ სახელმწიფოს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების ცვლილების დღიდან დღემდე სისტემის გარდაქმნის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც სისტემის ტრანსფორმაცია და პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება განაპირობა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ხელისუფლების უმთავრესი პრინციპები – სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა.
„უმთავრესია, პოლიციელი სამართლიანად ემსახუროს საკუთარ საქმეს, იყოს პირნათელი საკუთარი სამშობლოს, მოქალაქეების წინაშე, უსამართლოდ არ დასაჯოს არც ერთი მოქალაქე. ამავე დროს, როგორც მთავარმა კანონის დამცველმა, არ დაარღვიოს კანონი, ამის საშუალება არ მისცეს არც ერთ მოქალაქეს და კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ყველაზე მთავარი – ადამიანობა, ჰუმანური მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი. ამ სამ ძირითად პრინციპზე დავაშენეთ პოლიტიკა, რომლითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში” -განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქუთაიშსი, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.