მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი უკრაინას

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები GLSDB-ი, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მომარაგების ყველა ხაზს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. აღსანიშნავია, რომ HIMARS-ის მოქმედების რადიუსი 77 კილომეტრს შეადგენს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს.

„დიახ, ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით GLSDB ჭურვებს. ეს მათ აძლევს უფრო შორ მანძილზე მოქმედების უნარს და შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ოპერაციები თავიანთი ქვეყნის დასაცავად და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რაც შეეხება უკრაინის გეგმებს ოპერაციებზე, ცხადია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამაში ისინი არიან მთავარი“, – აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

„თავდაცვის დეპარტამენტმა დღეს გამოაცხადა უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ. ჯამში, აშშ-მა 2014 წლიდან უკრაინას უსაფრთხოების დახმარების სახით 32 მილიარდი დოლარი გამოუყო, მათ შორის 29,3 მილიარდი დოლარი რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო ინტერვენციის შემდეგ. დღეს გამოცხადებული დახმარება მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაც დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ხალხი, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს, მათ შორის „ჯაველინებს“, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, არტილერიას, აღჭურვილობასა და კონვენციურ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.
მისი თქმით, უკრაინის მომავალ პოტენციურ ოპერაციებზე საუბარს ან სპეკულირებას არ აპირებს.
„ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურები იყვნენ“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ახალ პაკეტში სხვადასხვა შეიარაღებასა და საბრძოლო მასალასთან ერთად მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს. კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.

საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T-Mamba-ს საჰაერო თავდაცვის კომპლექსებს ამ გაზაფხულზე მიაწვდიან. ამის შესახებ საფრანგეთის შიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტენ ლეკორნუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, სარაკეტო სისტემების მიწოდება შეთანხებულია იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოსთან.
SAMP-T-Mamba საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც განკუთვნილია ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მას შეუძლია, ერთდრულად 16 სხვადასხვა საჰაერო მიზნის განადგურება.
უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს უკრიანისთვის აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით ოქტომბრის დასაწყისში მიმართა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გაუგზავნის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
კოშტამ დასძინა, რომ პორტუგალია ამჟამად გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას საიმისოდ, რომ მოიპოვოს ნაწილები, რომლებიც აუცილებელია პორტუგალიის არსენალში არსებული Leopard-ის ტიპის რამდენიმე ტანკის შესაკეთებლად.
“არ ვიცი რამდენი ტანკი [გაიგზავნება უკრაინაში], ამას შესაბამის დროს გამოვაცხადებთ” – თქვა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას.
პორტუგალიას არმიის შეიარაღებაში Leopard 2A6-ის 37 ტანკი აქვს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა უმოქმედოა.
პორტუგალიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა ქვეყნის ეროვნულ სამხედრო პოტენციალს აღჭურვილბის თვალსაზრისით საფრთხეს არ შეუქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button