მსოფლიოსიახლეები

სამხრეთ კორეაში გაერთიანების მინისტრი გადადგა

სამხრეთ კორეაში მინისტრი, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი, ბოლო დღეებში ორ კორეას შორის არსებული ურთიერთობების გამწვავების ფონზე გადადგა.

სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრმა კიმ იეონ-ჩულმა, ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

“ორ კორეას შორის ურთიერთობაში ბევრი ჭრილობაა და მათი განკურნვა უფრო რთული იქნება, თუ კიდევ ერთ ჭრილობას დაამატებ.” – განაცხადა მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის, მუნ ჯეი-ინის გაუმჯობესებული რეიტინგი გასულ დღეებში 55%-მდე ჩამოვიდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ბუშტებზე მიბმულ ბროშურებსა და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფები საზღვარზე უშვებენ. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს ეს პროკლამაციები საფრთხეს უქმნის.

16 ივნისს ჩრდილოეთ კორეაში ორი კორეის სამოკავშირეო ოფისი ააფეთქეს.

აფეთქებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის მუქარა, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში, ჯარს გაგზავნიდა. კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ არმიას უკვე მისცა ბრძანება დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსების მზადყოფნისათვის.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ. მათ შორის გაითიშა ცხელი ხაზი, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და სამხედრო კომუნიკაციის არხები.

მსგავსი პოსტები

Back to top button