მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევის თანახმად, ახალციხის მერის არჩევის შემდეგ, მისი ძმა და რძალი ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ; ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი, მისმა ძმამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ახალციხის ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა.

ზაზა მელიქიძის ძმის კომპანიის შესყიდვები ახალციხის მუნიციპალიტეტში

ზაზა მელიქიძე 2014 წლის ივლისში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად, 2017 წლის ოქტომბერში კი, ახალციხის მერად აირჩიეს “ქართული ოცნებიდან”.

TI-ის კვლევის თანახმად, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, მისი ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ, შპს “ნუკიამ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან ცხრა მოიგო, რისთვისაც ჯამში, 246 920 ლარი დაერიცხა. “ნუკიამ” მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა, 3 700 ლარით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზაზა მელიქიძე, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ჩვეულებრივ ჩართული იყო იმ სატენდერო კომისიების მუშაობაში, რომლებიც მისი ძმის, თამაზ მელიქიძის კომპანიას ერთ-ერთ პრეტენდენტად იხილავდნენ. მათ შორის, განიხილავდა ძმის კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის საკითხსაც.

“მუნიციპალიტეტის გამგებელი მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე უთითებდა, რომ შპს “ნუკიასთან” ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა, ხელშეკრულებებს კი, მისი პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე აფორმებდა”. — ნათქვამია კვლევაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გარდა, “ნუკიას” მთავარი შემსყიდველები ასპინძის მერია და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლები არიან. 2011 წლიდან დღემდე, კომპანიამ სულ 37 ტენდერი მოიგო, რისთვისაც ჯამში 1 045 922 ლარი მიიღო.

ზაზა მელიქიძის რძლის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტში

TI ყურადღებას ამახვილებს ზაზა მელიქიძის მეორე ძმის, თენგიზ მელიქიძის ცოლის, ნანა მაისურაძის სატენდერო შესყიდვებზე. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მელიქიძის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, ნანა მაისურაძე ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, უკონკურენტოდ იგებს და ააიპ-ებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს.

კვლევის მიხედვით, მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არც ერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით კი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და სათნოების სახლის 11 ტენდერიდან, 8-ში გაიმარჯვა, მათ შორის, 6-ში ერთადერთი კანდიდატი იყო და ჯამში, 318 408 ლარი დაერიცხა.

“ნანა მაისურაძემ მხოლოდ ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო: ერთი, — 252 ლარზე სათნოების სახლმა გააფორმა მასთან, მეორე კი, — 130 ლარზე ზაზა მელიქიძემ რძალს პირადად გაუფორმა. ნანა მაისურაძეს ამ თანხით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილებისა და მზრუნველობამოკლებული პირებისთვის, ნამცხვრები უნდა შეეძინა”. — აცხადებენ TI-ში.

ჯამში, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მის რძალს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მისი ააიპ-ების 10 სახელმწიფო შესყიდვიდან, 318 790 ლარი დაერიცხა.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზაზა მელიქიძის ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს მის საკუთრებაში არსებული კომპანიებიც უკონკურენტოდ იგებენ:

“ამ კომპანიების დირექტორებად მერს ცოლის და-ძმები ჰყავს დანიშნული. ზაზა მელიქიძისა და მისი ცოლის ძმის შპს-ებს 2014-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაერიცხათ. ამის შესახებ კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2019 წლის ივლისში გამოაქვეყნა. კვლევის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო”.

ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა მელიქიძის ძმის ტენდერები ასპინძის მუნიციპალიტეტში

 

მამუკა მელიქიძე 2014 წლიდან დღემდე ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარეა. თანამდებობაზე არჩევამდე, გარკვეული პერიოდი, იგი ძმის, მალხაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანია სს “XXI საუკუნის” ფინანსური დირექტორი იყო.

როგორც TI-ში ამბობენ, ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი, სს “XXI საუკუნემ” ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 14 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან, 5 მოიგო, რისთვისაც მას, 2016-2019 წლებში, ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი ჩაერიცხა.

“ხუთი მოგებული ტენდერიდან, სამში “XXI საუკუნე” ერთადერთი პრეტენდენტი იყო, ორ შემთხვევაში კი, მის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. ასევე, ორი ტენდერი ზუსტად იმავე თანხით მოიგო, რა თანხაზეც მერია სამუშაოების შესყიდვას აცხადებდა, სამჯერ კი, მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების შესრულება გადაუვადეს”. — ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მამუკა მელიქიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მისი ძმის კომპანიამ სულ 16 ტენდერი მოიგო, ჯამში 3 470 628 ლარის ოდენობის. მანამდე კი, 2011-2014 წლებში, მხოლოდ 218 920 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს “XXI საუკუნის”, შპს “ნუკიასა” და ნანა მაისურაძის მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კვლევაში მოყვანილ მასალებს შეისწავლიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button