მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქციების მეათე პაკეტი სავარაუდოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე იქნება მზად

შარლ მიშელი უკრაინის სამიტზე დასასწრებად კიევში ჩავიდა

შარლ მიშელი ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე დასასწრებად კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან განცხადება “ტვიტერის” გვერდზე გაავრცელა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, გადაწყვეტილება კვლავ მტკიცეა და მხარს დაუჭერენ უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირი საბჭოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, – ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მიშელის თქმით, ევროპა ვერ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, თუ უკრაინა არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ ვერ დაგვაშინებს კრემლი, რადგანაც უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ჩვენ ევროკავშირში ასევე მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას 18 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტიდან.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადები განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს მიზნები, რომელსაც უკრაინამ უნდა მიაღწიოს. მათ შორის აუცილებელია რეფორმების გატარება სიტუაციის გამოსასწორებლად. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირი-უკრაინის რიგით 24-ე სამიტი კიევში იმართება, მაშინ როდესაც ქვეყანაში ომია, უკვე ბევრი რამის მანიშნებელია.

„თქვენი შემართება, რომ წინ წაიწიოთ შთამბეჭდავია. თქვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამთ რეფრორმების წინ წასაწევად, რათა რეკომენდაციები შეასრულოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ როდესაც ებრძვით აგრესორს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ცნობილია, ევროკომისია უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შეფასების შესახებ ანგარიშს გაზაფზულზე გამოაქვეყნებს.

როგორც პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, დამატებითი სანქციები დაუწესონ რუსეთს.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეათე პაკეტის დაწესებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს იქნება მზად.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტით შეზღუდვების მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება” , – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ეს პაკეტი ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიებზე, რომლებიც არ უნდა გამოიყენოს რუსულმა სამხედრო მანქანამ.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის“ , – დასძინა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მეათე სანქციების პაკეტი შეზღუდვებს შემოიღებს რუსეთის ფედერაციის ბირთვული სფეროსა და სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ.
დღეს კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი გაიმართება. სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შარლ მიშელის გარდა ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზეფ ბორელი და ევროკომისრები ჩავიდნენ. სამიტს ვოლოდიმირ ზელენსკი უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button