მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ; ამასთან, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარებიან იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – აღნიშნავენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში განაცხადეს, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს, ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.
საქართველო-რუსეთს შორის 2019 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ ავიამომოსვლა მალე განახლდება.

ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.
თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე.
„ეს არ არის არც საქართველოს გადაწყვეტილება და არც ის, რაც საქართველომ მოითხოვა. რუსეთს ცალმხრივად შეზღუდული და დაბლოკილი ჰქონდა ფრენები და განცხადება ისევ რუსეთმა გააკეთა. შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის პასუხი რუსეთის განცხადებაზე. რაც ჩვენ გვეხება, ჩვენთან მიმართებაში ამერიკის მთავრობამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არ არღვევს სანქციებს. საქართველო არც მომავალში არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს, რადგან ჩვენი ადგილია ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენი პარტნიორია დასავლეთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექნიკურად საქართველოს მთავრობა სწორია, რადგან რუსეთმა ფრენები ცალმხრივად შეგვიწყვიტა და სანქციებიც ცალმხრივად დაგვადეს. ამ რეჟიმს მოხსნიან თუ არა, საქართველოს ამ მიმართულებით არანაირი ბერკეტი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენის საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგეს.

ფრენებთან დაკავშირებით სანქციები 2019 წელს საქართველოს რუსეთმა დაუწესა, რამაც დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა და თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ მივესალმებით, რადგან ეს იქნება შეღავათი ჩვენი თანამემამულეებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მათივე გადასაწყვეტია, ცალმხრივად რას გააკეთებენ.
„რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია ცალმხრივად რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი, ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ და დანარჩენი არის სხვა სუბიექტების საქმე. რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ანუ იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს, აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია, თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათივე გადასაწყვეტია, ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ პოზიციას, რომ მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა, ანუ ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება, ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც თავის დროზე დაწესდა. სანქციის მოხსნაც, რა თქმა უნდა, იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

რუსეთის მხრიდან საქართველოს სანქცირება მათივე გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, რა იხარშება რუსეთის ხელისუფლების თავში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა აქვე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.
„წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი. რუსეთის მხრიდან საქართველოს სანქცირება მათი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, წინასწარ ვერ გეტყვით, თუ რა იხარშება რუსეთის ხელისუფლების თავში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეხება იმ ჰიპოტეტურ მოსაზრებას, რომ შეიძლება, რაღაც მოხდეს და წინასწარ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გუშინ დავარეგისტრირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ აღდგეს, ვიდრე რეგიონში საფრთხეები არსებობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამგვარი საფრთხეების ფონზე პირდაპირი ფრენების აღდგენა დაუშვებელია.
„მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ამოცანაა, რუსეთი დამარცხდეს და ფრენები თუ აღდგება, გამოვა, რომ მათ წინააღმდეგ წავალთ. რუსეთი ყველგან დასანქცირებულია და, ფაქტობრივად, მათ უფლებას მივცემთ, ფრენები აღადგინონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რომ დღეს თუ რაიმე არ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობის დათბობაა. პირდაპირი ფრენების აღდგენა დაუშვებელია, როცა რეგიონში არსებობს გეოპოლიტიკური საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ომთან“, – განაცხადა დაუშვილმა.
როგორც ცნობილია, ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განცხადება გააკეთა: „ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა – ტანგოსთვის საჭიროა ორი. დუეტის ერთ მონაწილეს თუ ეჭვი ეპარება, ძალდატანება არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.

მსგავსი პოსტები

Back to top button