საქართველოს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის გზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში ბოსნია-ჰერცეგოვინას უმასპინძლა და სეზონი გამარჯვებით გახსნა – 78:73.
შესაძლოა, გაგიკვირდათ, სლოვენიაში ქართველები მასპინძლები როგორ იყვნენო. საქმე ისაა, რომ ჩვენი გუნდი 23 ივლისის შემდეგ პოდჩეტრტეკის სპორტულ ბაზაზე ვარჯიშობს, ბოსნიელები კი ამ ქალაქს სწორედ საქართველოსთან სათამაშოდ ეწვივნენ.
მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პირველივე მატჩის საწყის წუთებზე საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია. კუნთი აქვს გაჭიმული და გუშინ არ უთამაშია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე შენგელიას. მწვრთნელმა ასევე არ შეიყვანა განაცხადში ბესიკ ლეჟავა, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე და მიხეილ ჭოჭუა.
მეორე საკონტროლო მატჩს, ისევ ბოსნიასთან საქართველოს ნაკრები დღეს გამართავს. შეხვედრა ისევ პოდჩეტრტეკში, ისევ 22 საათზე დაიწყება (თბილისის დროით).