რეგიონი

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი შესაძლოა გამართლდეს

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი შესაძლოა გამართლდეს დაზარალებული მის დაუსჯელად დატოვებას უწყობს ხელს.

საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა.
26 წლის მამაკაცი, 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო დააკავეს.

ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკვალიფიცირებული, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობის ბრალდებით, დაკავებული იყო გოგონას ძმაც, რომელმაც მამაკაცთან ურთიერთობის გამო, დას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულის შესახებ უკვე სასამართლოში, არსებითი განხილვის ეტაპზეა.
სასამართლო პროცესზე, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა მისი ასაკის შესახებ, არაფერი იცოდა.

გოგონა ამტკიცებდა, რომ სქესობრივი კავშირი, მასზე უფროსი ასაკის, დაოჯახებულ მამაკაცთან, ნებაყოფლობით ჰქონდა და ასაკს შეგნებულად უმალავდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არ დაადასტურა, მამაკაცის მიერ მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებაც, რაც გამოძიების მტკიცებით ბრალდებულის მიერ გოგონას ნარკოტიკული საშუალებით გაბრუებაში გამოიხატა.

გოგონას ჩვენებას სრულად ეთანხმება და იზიარებს მისი ოჯახიც დაზარალებულის დედა ამბობს რომ ბრალდებული მამაკაცის დაპატიმრება არ სურს და მისი გამართლების მოლოდინი აქვს.

“მან არ იცოდა მისი ასაკი. კი, აქვს სასამართლოზე ასეთი რამ ნათქვამი. ვეთანხმებით ჩემი შვილის ჩვენებას და იმ ბიჭის გამართლებასაც. მე არ ვიცოდი მაგათი ამბები, სხვისგან გავიგე.ჩემი ბიჭიც იყო ციხეში და არავისი ციხეში წასვლა არ მინდა” – ამბობს დედა.

ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი, საქმის ირგვლივ დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა. რა მიზეზით აძლევს დაზარალებული ჩვენებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ, უფლებადამცველმა საუბარი არ ისურვა.

“ტყუილად მიყვებით ახლა, რა მოხდა. სხდომა დახურულია, საქმე ეხება არასრულწლოვანს, მაინც არაფერს გეტყვით. ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. დასასჯელია, ვინც თქვენ ინფორმაცია გამოგიტანათ. ამბის გამომტანის დასჯაზე თუ გეცინებათ, იცინეთ”- განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებული მამაკაცი გირაოთია განთავისუფლებული, გამოძიების 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, პატიმრობიდან განთავისუფლებულია დაზარალებულის ძმაც.

თავად გოგონა რომელიც უკვე 16 წლისაა ოჯახში, საკუთარ მშობლებთან იმყოფება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლია ხუროშვილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი გოგონების ოჯახები ბრალდებულისათვის ნაკლები სასჯელის დანიშვნით არიან დაინტერესებული.

ამ კონკრეტულ საქმეზე, კი, ადვოკატი გამამართლებელი განაჩენის დადგომასაც არ გამორიცხავს.

” ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როცა დაზარალებულები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ბრალდებულს მინიმალური სასჯელი მიეღო. თუმცა, იქ იყო ვითარება, როცა ურთიერთობა პრაქტიკულად ქორწინებით სრულდებოდა. ამ შემთხვევაში ეს პერსპექტივა არ არის.
რატომ უწყობს ხელს დაზარალებული და მისი ოჯახი ბრალდებულის დაუსჯელად დატოვებას, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ეს დანაშაული სწორედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს ითვალისწინებს და თუ გარემოებები ასე დალაგდება, გამამართლებელ განაჩენს არ გამოვრიცხავ”– განაცხადა ხუროშვილმა.

როდის დასრულდება საქმის სასამართლო განხილვა და დადგება განაჩენი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button