საშვი ყოფილი გენპროკურორის ავტომობილისთვის
ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური საშვი აქვს და ქუჩებში მანქანით გადაადგილდება.
ვიდეო ენმ-ის წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაიღო.
ფარცხალაძე ამ ეტაპზე თანამდებობას არც ერთ საჯარო უწყებაში იკავებს. საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით არ პასუხობენ კითხვას, რა ნიშნით გაიცა საშვი ყოფილ მთავარ პროკურორზე.
ოთარ ფარცახლაძე 2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურორი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანა.
ფარცხალაძე ფიგურირებს სპორტისა და ახალგაზრობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ფიზიკური შეურაცხყოფის და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის საქმეში.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ის “ქართული ოცნების” უმრავლესობამ 22 მაისამდე გაახანგრძლივა. 26 აპრილის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გადაადგილება, გარდა სადისტრიბუციო, სატვირთო, სასწრაფო დახმარების და მედიის მანქანებისა. ყველას, ვინც მანქანით გადაადგილდება, სპეციალური საშვი აქვს. საშვის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა მრავალ პრობლემას უქმნის.