ალექსანდრა ჯაფარიძე, მთამსვლელი – 50 ქალი საქართველოდან

“ჰაინრიჰ ბიოლის” ფონდი წარმოგიდგენთ რუბრიკას: “50 ქალის ისტორია საქართველოდან”. 

ალექსანდრა ჯაფარიძე – მთამსვლელი, ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი.

მოუსმინეთ

 

(1895-1974)

ქართველი მთამსვლელი ქალი. შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ–ერთი დამფუძნებელი. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის სახელს უკავშირდება ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ალპინისტთა არაერთი თაობა აღზარდა. 1999 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებული ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

ალექსანდრა ჯაფარიძე 1895 წელს, სოფელ ხრეითში დაიბადა ლიდა და ბიჭია ჯაფარიძეების ოჯახში. 1903 წელს ალექსანდრა უფროსმა ძმამ, ვანომ ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში მიაბარა სასწავლებლად, თავად კი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა. 1905 წელს ვანო რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს, სადაც იგი დაავადდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვანო მამას ამშვიდებდა და  სწერდა: „რაც არ უნდა დამემართოს, ჩემზე ნუ იდარდებთ. მხოლოდ ერთი სურვილი ამისრულეთ: გაყიდეთ ყველაფერი და პატარების აღზრდას მოახმარეთ. ახლა ისეთი დრო მოდის, რომ სწავლის გარეშე ადამიანი არ ივარგებსო“.

მალე ალექსანდრასთან ერთად, მისი უმცროსი ძმები, სიმონი და ალიოშაც მიუსხდნენ გიმნაზიის მერხებს. ჯაფარიძეების ხელმოკლე ოჯახს ძალიან უჭირდა სასწავლებლად გაგზავნილი ბავშვების შენახვა და სწავლის ქირის გადახდა, თუმცა, თავი არ დაუზოგავთ, რომ შვილებისათვის კარგი განათლება მიეცათ. ერთხელ, თურმე, საშობაო არდადეგების დროს საშინელი ქარბუქი ამოვარდნილა. მეორე დღეს კი სწავლა იწყებოდა. პატარა ალექსანდრა მამას თბილად შეუფუთავს, გოდორში ჩაუსვამს და ასე ზურგზემოკიდებული უტარებია ჭიათურამდე თვრამეტი კილომეტრი. თავად ალექსანდრას, როგორც ნიჭიერსა და სწავლას მოწყურებულ მოწაფეს ოთხი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ელისაბედ ხოჯევანოვა უხდიდა.

ამგვარმა გამოცდილებამ და დამოკიდებულებამ განათლების მიმართ გავლენა იქონია ალექსანდრას მომავალზე, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ახალგაზრდების სწავლა-განათლებას დაუკავშირა.

ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1912 წელს, ალექსანდრა  პედაგოგად იწყებს მუშაობას ლეჩხუმის მაზრის სოფ. ლაილაშის სასწავლებელში. 1913 წელს კი, მშობლიურ სოფელში ბრუნდება. ამ დროს, ხრეითში სკოლა არ იყო. ალექსანდრას დიდი ძალისხმევით ხრეითში დაწყებითი სკოლა გაიხსნა, სადაც თითქმის ყველა საგანს თავად ასწავლიდა. ალექსანდრა ასე იხსენებს მისი ცხოვრების ამ ეპიზოდს: „სოფლისათვის ამ მეტადმნიშვნელოვან საქმეს ბევრი დაბრკოლება აფერხებდა. რამდენიმე კაცისთაოსნობა საქმეს ვერ შველოდა, მაგრამ მთელი სოფლის სურვილმა დამონდომებამ თავისი გაიტანა და აგებულ იქნა ოროთახიანი ფიცრული სახლისკოლისათვის. დასაწყისში მერხები და სხვა ინვენტარი არ გვქონდა. ბავშვებიოთახის კედლების გასწვრივ იდგნენ ჩამწკრივებულნი და ისე სწავლობდნენანბანს. შინიდან სკოლამდე, ზოგიერთ ბავშვს, 4–5 კილომეტრის გავლაუხდებოდა, მათი გამცილებელიც, მეთვალყურეც და მოჭირნახულეც, ხშირად,პედაგოგი იყო. მახსოვს, პატარა ნაკადულები, რომლებიც გაზაფხულზეუმეტესად დამშრალნი იყვნენ, შემოდგომის წვიმების დროს მოვარდებოდნენ დაგზას უჭრიდნენ ბავშვებს სკოლისაკენ. ხშირად ხელით გადაგვყავდამოსწავლეები ერთი ნაპირიდან მეორეზე. ასეთ პირობებში, ბავშვები, უმეტესადდაწყებითი განათლების კურსსაც ვერ ამთავრებდნენ. სწავლის გაგრძელებასერთეულები თუ ახერხებდნენ, უმეტესად ისინი, ვისაც, ეკონომიურიშესაძლებლობა ჰქონდათ“.

სამი წლის შემდეგ, ალექსანდრა, როგორც გამოცდილი პედაგოგი,  ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში მიიწვიეს მათემატიკის მასწავლებლად.

საქართველოში უნივერსტეტის გახსნამ ალექსანდრას სწავლის გაგრძელების საშუალება მისცა და 1921 წელს იგი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. სწავლის პარალელურად, ალექსანდრა  მუშაობას იწყებს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.

1923 წელს მყინვარწვერზე ორი ექსპედიცია დაიგეგმა და განხორციელდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს. პირველ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც 18 მთამსვლელი შედიოდა (მათ შორის ხუთი ქალი: მარიამ ბეჟანიშვილი, ელენე ლორთქიფანიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი, მარიამ ტყავაძე და ლიდა ჩხეიძე) გიორგი ნიკოლაძე ედგა სათავეში. მეორე ექსპედიცია ობსერვატორიის დირექტორის, ალექსანდრე დიდებულიძის თაოსნობით მოეწყო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი ჰქონდა. ექსპედიციის  შემადგენლობაში ერთადერთი ქალი იყო – ალექსანდრა ჯაფარიძე.

თავის ჩანაწერებში იგი ასე აღწერს პირველ მიახლოებას მყინვარწვერთან:„მშვენიერი ამინდია. არცერთი ღრუბელი ცაზე.  გავიხედე მწვერვალისაკენ …მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგანაქა–იქ შავი კლდეები სჩანან თოვლ–ყინულიდან. გარემო ჩრდილს მოუცავს დაისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ.გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას.გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ესერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა“.

ასე დაიწყო ალექსანდრას ხანგრძლივი „რომანი“ მთებთან. ამ დღიდან მოყოლებული ალექსანდრამ კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო. პირველი ქალი იყო, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა მთამსვლელთათვის დაწესებული თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო, იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, აღზარდა ალპინისტთა არაერთი თაობა… თუმცა, მთამ, სიხარულის გარდა, ბევრი ტკივილიც მოუტანა: მისი ძმები – სიმონი და ალიოშა, რომლებიც უფროსი დის მსგავსად გაიტაცა ალპინიზმმა,  მთებმა შეიწირეს. “პირველად მე დავადგი ფეხი მთების ამაყ გულს. პირველადმე შევაღე მათი სული და ჩემს ძმებზე კი იყარეს ჯავრი. იქნებ, ამით უფრო მეტივნება მომაყენეს, სული ჩამითუთქეს, გამომიწვიეს…” – წერდა ალექსანდრა დღიურში.

1925 წელს ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ ექსპედიციაში მონაწილეობას ალექსანდრას მომდევნო ძმა, სიმონიც იღებდა, რომელიც პროფესიით გეოლოგი იყო. სიმონი კარგი ორგანიზატორი და მოსიარულე აღმოჩნდა. ამიტომაც, ერთი წლის შემდეგ, როდესაც  გიორგი ნიკოლაძე სამი წლით უცხოეთში გაემგზავრა, თანამდებობა სიმონ ჯაფარიძისთვის გადაულოცია. სიმონის ორგანიზებული იყო  პირველი კინოექსპედიცია მყინვარწვერზე. სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი ფილმი მთამსვლელებზე – „კავკასიის კარიბჭე“. პროფესიით გეოლოგმა, დასთან ერთად დაიწყო მყინვარწვერის მეცნიერული შესწავლა. პირველი მეტეოჯიხური, რომელიც ტემპერატურის ცვალებადობის ოცდაოთხსაათიან აღრიცხვას აწარმოებდა მყინვარწვერზე, სიმონმა და ალექსანდრამ დადგეს იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად.

სიმონი 1929 წელს დაიღუპა თეთნულდზე ასვლის დროს. მისი დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ, თეთნულდი ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებმა დალაშქრეს. ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქალი იყო, რომელიც თეთნულდზე ავიდა. ალიოშასთვის კი ეს პირველი ასვლა იყო. „თუ არა სიმონის სიკვდილი, მე იქნებარასოდეს  მეფიქრა მთებზეო“, წერდა ერთგან ალიოშა.

ხშირად მომხდარა, რომ ალექსანდრას მშვიდ, გაწონასწორებული ბუნებას,  მტკიცე ხასიათსა და მიზანსწრაფულობას გადამწყვეტი როლი უთამაშია ექსპედიციის წარმატებით დასრულებაში. 1934 წელს, ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეებმა, იაგორა კაზალიკაშვილთან და გიო ნიგურიანთან ერთად უშბა დალაშქრეს. მწვერვალამდე 200–დე მეტრი რჩებოდა, როცა მთამსვლელებს ღამემ მოუხერხებელ ადგილზე მოუსწრო. პატარა შვერილზე ღამის გათევას ერთი ადამიანი თუ შეძლებდა, ისიც ნახევრად დამჯდარი. ისინი კი ოთხნი იყვნენ. აუცილებელი გახდა ქვევით დაშვება. კაცებმა ყოყმანი დაიწყეს, ალექსანდრა კი დაბრუნებას არ აპირებდა. გამოცდილმა მთამსვლელმა კარგად იცოდა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მცირე დაბრკოლებასაც კი შეიძლებოდა სხვაგვარად გადაეწყვიტა ასვლის ბედი და მის თანამგზავრებს მწვერვალზე ასვლაზე შეიძლება ხელი აეღოთ. ნაბადში გამოხვეული ალექსანდრა თოკზე დაეკიდა და ღამის სათევად დარჩა, დანარჩენები კი ქვემოთ დაეშვნენ. ცხადი იყო, დილით ექპედიციის ვერცერთი მონაწილე უარს ვეღარ იტყოდა ასვლაზე, რადგან ზემოთ ქალი დატოვეს მძევლად.  “თუ არა ალექსანდრას თავგანწირვა, ჩვენ ალბათ ხელს ავიღებდით უშბის დაპყრობაზეო”, იგონებდნენ შემდეგ ასვლის მონაწილენი. თავად ალექსანდრა კი ამგვარად იხსენებს უშბის კედელზე გატარებულ ღამეს:„…ჩანდა ყველა მწვერვალი, თითქოს ხელს გავიწვდიდი და იალბუზის შეხებასვიგრძნობდი. ღამე სულ სხვაგვარად ბრწყინავდნენ ბროლის კოშკივითაღმართული ყინულოვანი ქედები. ზევით უშბა იყო და მე უკვე ვიცოდი, რომხვალ, ჩვენ, ყველანი მწვერვალზე ავიდოდით და გაცოცხლდებოდა სიმონისოცნება. ეს ასვლაც მის ხსოვნას ეძღვნებოდა. მხოლოდ აქ, ამ უფსკრულებშიგებადება ნამდვილი პატივისცემის გრძნობა იმის მიმართ, ვინც პირველმა შებედაუშბას, ვინც ავიდა, ან იფიქრა მასზე ასვლა”.

1936 წელს დაარსდა საქართველოს ალპური კლუბი. და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეები კლუბის დამფუძნებელთა შორის იყვნენ.

1936-45 წლებში ალექსანდრამ რამდენიმე მნიშვნელოვან ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და მრავალი დიდი თუ პატარა მწვერვალი დალაშქრა. თავად განსაკუთრებით გამოჰყოფდა 1940 წელს ჩატარებული ტრავერსს ცენტრალური კავკასიონის ურთულეს ნაწილში – ჯანთუგანიდან კაშკატაშამდე და წურუნგალიდან რუსთაველის პიკამდე. იმ დროისათვის ეს უმაგალითო ალპინისტური მიღწევა გახლდათ. ვერცერთი დიდი ალპინისტური ლაშქრობა, რომელიც მანამდე ჩატარებულა ალპებში ან კავკასიონზე, ვერ შეედრებოდა აღნიშნულ მიღწევას, ვერც მწვერვალთა რაოდენობით, ვერც გავლილი მარშრუტის სირთულით. ექსპედიციას, უძნელესი თხემით 80 კილომეტრის გავლა და 22 მწვერვალზე ასვლა მოუხდა, რომელთაგან 11 ურთულეს კატეგორიას განეკუთვნებოდა. ასეთ ექსპედიციაში ქალის მონაწილეობა პირველი შემთხვევა იყო მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. ალექსანდრა აქაც პირველი იყო.

1945 წელს, უშბა–შხელდის ტრავერსის დროს, კარავში ღამის სათევად შეფარებული ალიოშა და მისი ჯგუფი ზვავმა დამარხა უშბის ნაპრალებში. ალიოშას ნეშტი მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ იპოვნეს ქართველმა ალპინისტებმა. ძმის დაღუპვა მძიმედ განიცადა ალექსანდრამ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას.

ამავე პერიოდში ალექსანდრა მუშაობას იწყებს თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში, სადაც იგი მზია ერისთავმა მიიწვია პედაგოგად. ალექსანდრა თავდავიწყებით მიეცა ბავშვებთან მუშაობას და ალპინისტთა თაობები აღზარდა. მზია ერისთავთან ერთად, ალექსანდრამ ბავშვებისათვის მრავალი ექსპედიცია მოაწყო და არაერთი მწვერვალი დალაშქრეს.

ალექსანდრას სახელს უკავშირდება ლეგენდად ქცეული ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენაც 1948 წელს. გამოქვაბული მყინვარწვერის კალთაზე პირველად ყაზბეგელმა მთამსვლელმა ლევან სუჯაშვილმა შენიშნა და ამის შესახებ ალექსანდრა ჯაფარიძეს აცნობეს 1947 წლის დეკემბრის ბოლოს.  ალექსანდრამ თავის თავზე აიღო ექსპედიციის ორგანიზება და 7 იანვარს, შობა დღეს ჯგუფი უკვე ბეთლემის გამოქვაბულში იყო. „ხასხასა და დაუჟანგავ ზღაპრადთქმულ ჯაჭვს ხელით რომ შევეხე, გული კინაღამ ამომივარდა მკერდიდანო“, – იგონებდა ალექსანდრა. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღემდე ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარი და გამოქვაბულში აღმოჩენილი სხვა ნივთები – XIII  საუკუნის ჭდეული, რელიეფური გამოსახულებებით და ასომთავრული წარწერებით შემკული დროშა (ხატი), მასზე უფრო ძველი, ბრინჯაოს სამფეხა შანდლის ძირი და XV, XVII, XVIII საუკუნეების ქართული და ირანული ვერცხლის ფული.

1963 წელს, ქართული ალპინიზმის 30 წლისთავთან დაკავშირებით მყინვარწვერზე კიდევ ერთი ექსპედიცია მოეწყო ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ამჯერდად, უმცროს ძმასთან, ნოესთან ერთად, ჭიათურის მაღაროელთა 52 კაციანი ჯგუფი აიყვანა მწვერვალზე. ეს იყო მისი მე-19 და საბოლოო ასვლა მყინვარწვერზე. ამ დროისათვის ალექსანდრა 68 წლის იყო.

ალექსანდრა ჯაფარიძე 1974 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. ძმებთან, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებთან ერთად, დაკრძალულია ვერის ბაღში.

1975 წელს, კავკასიონის ერთ–ერთ მწვერვალს ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი ეწოდა. ალექსანდრას სახელს ატარებს მის მიერ დაარსებული სკოლა ხრეითში. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით ალექსანდრა ჯაფარიძე აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

მასალების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ივანე ჯაფარიძეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჯაფარიძე ივ. „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“. თბილისი 2010.
  2. ნეფარიძე ჟ. „ძმათა ნამუხლარზე“. გამომც. „ნაკადული“. თბილისი, 1964.

მსგავსი პოსტები

Back to top button