მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლი გამკაცრდება

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას.

“შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით, უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.

“ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

“ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, – მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც, დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button