“შიმშილობის შეწყვეტა გვაძლევს საფუძველს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს” -ბრეგაძე

“შიმშილობის შეწყვეტა გვაძლევს საფუძველს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს”
იყო ორი მთავარი ფაქტორი – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა; როგორც კი ეს რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა
იუსტიციის მინისტრის განცხადებით,სააკაშვილს სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
როგორც მინისტრი აცხადებს, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.
ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში.
აქ იყო ორი მთავარი ფაქტორი, ერთი – უსაფრთხოება, მეორე – ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი პრინციპია და ბუნებრივია ეს არის საფუძველთა საფუძველი და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსებობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, -იუსტიციის მინისტრი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას თითქმის 2 თვის განმავლობაში არ აძლევდა.
მათ ამისკენ 20 ნოემბერს ამერიკელმა სენატორებმაც მოუწოდეს – სენატორები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, ასევე მესამე პრეზიდენტის სხდომაზე ფიზიკურად დასწრების უზრუნველყოფას დააკვირდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლებამ დააკავა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.