მნიშვნელოვანისიახლეები

ექსპრეზიდენტი უკვე მეორე დღეა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში 40 დღიანი მკურნალობის შემდეგ დააბრუნეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე შოთა თუთბერიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დეტალურად გაივლის რამდენიმე საკითხს, მათ შორის, იმას თუ როგორ მოხდა მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ეტაპირება და ხომ არ მომხდარა მისი უფლებების დარღვევა.

თუთბერიძის თქმითვე, მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან გაიგეს, რომ “მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიტაცეს”.

“მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება განხორიციელდა, სააკაშვილის მკურნალობის კურსი დასრულებული არ არის, ის ისე წამოიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. საქართველოში არ მეგულება არც ერთი სხვა საქმე, სადაც ასეთი ცალსახა დასკვნები არსებობს ობიექტური და მათ შორის, მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ძალის დემონსტრირების რეჟიმზეა გადასული”,- განაცხადა თუთბერიძემ.

აქვე მესამე პრეზიდენტის პენიტენციურში ვადაყვანას ეხმაურებიან ექიმებიც
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დიაგნოზი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის ჰოსპიტლიდან გაწერისას დაუსვეს, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში არ იძებნება.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის საფუძველზეც ის ციხეში გადაიყვანეს, მიკერძოებულია და ობიექტურ რეალობას არ წარმოადგენს.

ამასთან, “ემპათიას” ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ციხეში საფრთხე ემუქრებოდეს.

მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძეც. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მესამე პრეზიდენტს ასეთ პირობებში ვერნიკეს ენცეპალოპათიის მეორე სტადია განუვითარდეს.

მარიამ ჯიშკარიანის და ოთარ თოიძის ხმა

არ არსებობდა კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა – პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, სახელმწიფო ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა. სწორედ ასე მოიქცა პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო. მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოო ჯამში ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს მას ეჭვი ეპარება “ემპათიის” კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას. არ მგონია, იქ ყოფილიყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება. ეს არ მინახავს. რაც შეეხება „ემპათიას“ მათ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ნამდვილად მეპარება ეჭვი“, -აღნიშნავს პაპუაშვილი.

პოეტი კოტე ყუბანეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ხელისუფლება სადისტურად ექცევა.

თვალებში ნაცარს გვაყრიან, პრეზიდენტს გვიკლავენ. ვითომ, რატომ უნდა იყოს გამორჩეული პატიმარიო. აშკარად გამორჩეულად სადისტურად ექცევიან. ცინიზმით რაღაცას ლაპარაკობენ ეს გაჩეჩილი რაღაცა გამოდის, ეს ჩიჩილაკი.

რა ვიცი, რაღაცა უნდა გააკეთოს ხალხმა, ხმა ამოიღოს, ან დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს – აცხადებს კოტე ყუბანეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ადვოკატებისა და ოჯახის წევრების გაფრთხილების გარეშე რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

პოეტი კოტე ყუბანეიშვილის ხმა

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მოულოდნელად გაიტაცეს და კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. როგორც ადვოკატები, ისე ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დაუშვებელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მსგავსი პოსტები

Back to top button