0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე -ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო-კობახიძე
"ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას", - ირაკლი კობახიძე

ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა, – ამის შესახებ პარლამენტში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა მიმართული იქნება ოკუპაციისა და სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლების განულებისკენ.
“დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.
საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-28 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანებისთვისაა და მათზე უნდა იყოს ორიენტირებული. აი ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება, რომ თქვენთვის ეს ეკონომიკური მდგომარეობა არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელი, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში.
ვაშაძემ საუბრისას “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ „ელიტა გამდიდრდა“, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია.
მისივე თქმით, ეკონომიკური რეფორმები ხალხის პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული:
“დღეს ირაკლი კობახიძე საკუთარ გამოსვლაში თავს იწონებდა და ტრაბახობდა ეკონომიკური მდგომარეობით, არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს ეკონომიკური მდგომარეობა მისთვის მისაღებია და არაფრის შეცვლას არ აპირებს.
მან არ უპასუხა მთავარ კითხვას, როგორ აპირებს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას. აი ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება, რომ თქვენთვის ეს ეკონომიკური მდგომარეობა არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელი;
ჩვენ გეუბნებით, რომ ელიტა ზემდიდარია, ხალხი კი უკიდურესად ღარიბი, თქვენ კი ამას დოვლათის ოპტიმალურ გადანაწილებას უწოდებთ;
თქვენ ამბობთ, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეები უნდა წავიდნენ ემიგრაციაში და იქ დასაქმდნენ, ჩვენ კი გეუბნებით, რომ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ აქ და ჩვენი თანამემამულეები დავაბრუნოთ საქართველოში;
თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანებისთვისაა და მათზე უნდა იყოს ორიენტირებული;
2013 წელს ივანიშვილის თაოსნობით შექმენით დემოგრაფიის გადარჩენის ფონდი, რომელმაც დემოგრაფიული კატასტროფა მოიტანა და ამას თქვენც აღიარებთ, ბატონო ირაკლი, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაშია ჩვენ შორის განსხვავება.
ივანიშვილის პარტიის წევრები იბრძვით მხოლოდ თანამდებობებისთვის და თქვენი ინტერესი არ არის ქვეყანაში რამის შეცვლა უკეთესობისკენ.
ბატონო ირაკლი, თქვენც იბრძვით სკამისთვის და არა ხალხისთვის, სწორედ ამიტომ ვერ დაგიჭერთ მხარს. სწორედ ეს არჩევანია გასაკეთებელი 26 ოქტომბერს:
ვირჩევთ დასაქმებულ საქართველოს, თუ უმუშევრობაში ჩაძირულ საქართველოს;
ვირჩევთ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, თუ ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში გადასახლებას;
ვირჩევთ საქართველოს ივანიშვილისთვის, თუ საქართველოს ქართველი ხალხისთვის;
დღეს საქართველო არის ივანიშვილის ხაფანგში და ამ ხაფანგიდან თავი ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ!
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი საქართველო;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემიგრანტები დავაბრუნოთ სამშობლოში;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოში უმოკლეს ვადაში შევქმნათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები;
მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ განათლების სისტემა ისე, რომ ის ჩვენი შვილების ცხოვრებაში წარმატების მომტანი იყოს;
მე მჯერა, ეს არჩევნები მოგვცემს გაერთიანების, ეკონომიკური განვითარებისა და აღმშენებლობის დიდ შესაძლებლობას.
ქართველმა ხალხმა 2023 წელს ერთხელ უკვე გაიმარჯვა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.
ახლა დროა დავამარცხოთ ის ერთადერთი, ვინც გვიდგას განვითარების გზაზე, ჩვენი სამშობლო წინ წავიყვანოთ და დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში.
მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაამარცხებს ივანიშვილს!
ერთი დადებითი ის აქვს დღევანდელ დღეს, რომ კობახიძე 8 წლის შემდეგ როგორც იქნა დაინტერესდა გელათის პრობლემით.
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა და მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ერთიანობა, აღმშენებლობა, ღირსეული ცხოვრება და ბედნიერება! ღმერთმა დალოცოს საქართველო! ძალა ერთობაშია! “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძეს დეპუტატებმა შეკითხვები სხვადასხვა თემებზე დაუსვეს. მათ შორის იყო პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ვაშაძის კითხვაზე – როგორ აპირებს უმრავლესობა სამუშაო ადგილების შექმნას, ირაკლი კობახიძემ არგუმენტად სტატისტიკა მოიყვანა და თქვა, რომ მარტო ბიზნეს სექტორში 2012 წლის შემდეგ, 224 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
“მარტო ბიზნეს სექტორში დასაქმება იყო 534 000 ადამიანი 2012 წელს, როცა გიორგი ვაშაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, 2023 წელს 758 000. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო ბიზნესსექტორში შეიქმნა 224 000 სამუშაო ადგილი. ეს ციფრებით მანიპულაციაა არაა, ეს არის სტატისტიკა. ამ ადამიანებს შეაქვთ გადასახადები ბიუჯეტში. ბიუჯეტი რომ იყო 8.5 მილიარდი და ახლა თითქმის 29 მილიარდი ლარია, მარტო მე და თქვენ ხომ არ შეგვაქვს ეს გადასახადები ბიუჯეტში, შეაქვთ ადამიანებს. რამდენჯერ გავიმეორო ეს ყველაფერი, თან თვითონაც არ ესწრება ამ სხდომას (გიორგი ვაშაძე). ასე იცის ხოლმე, რაღაცას იტყვის, ჩაწერს ვიდეოს, მერე თან დებს უმრავლესობის დეპუტატების ისეთ ვიდეოებს, რომელიც სხვა სხდომიდან არის აღებული, რათა აჩვენოს, რომ უმრავლესობის დეპუტატები ამ ყველაფერს ისმენენ,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
“ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას”, – ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.
“რაც შეეხება კორუფციას, ამაზე მინდა მცირე გადახვევა გავაკეთო. ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ.
ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით, არც ერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია იცით, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც მით უმეტეს არავითარი ინტერესი არ აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალურობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.