მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა- ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, მიუხედავად რუსეთის გადაწყვეტილებისა, დატოვოს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირი, ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ამასთან, ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ახალ ფაზაზე გადავიდა და პრიორიტეტად აქცია ჯარების სათანადო წესით გადაყვანა მდინარე დნეპრზე და უკრაინის არმიის შეყოვნება და არა კონტრშეტევის სრულად შეჩერება.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე სამხედრო შენაერთების გადაყვანა გადაწყვიტა მათი ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მათ შორის არიან საჰაერო-სადესანტო დივიზიის 76-ე და 106-ე ქვედანაყოფები. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებითვე, უკრაინამ შეძლო ხერსონის მიმართულებით მთავარი მიზნის მიღწევა და ეფექტური დარტყმებით და იზოლაციით აიძულა რუსი სამხედროები, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირი თავად დაეტოვებინათ, დიდი დანაკარგის გამომწვევი მასშტაბური კონტრშეტევის გარეშე.

“ბრძოლა ხერსონისთვის არ დასრულებულა, მაგრამ რუსული ჯარები შევიდნენ ახალ ფაზაში: ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი ჯარების უკან დახევას მდინარის გასწვრივ, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებით და უკრაინის ჯარების შეფერხებით. მაგრამ არ ცდილობენ მთლიანად შეაჩერონ უკრაინის შეტევა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების მანევრი მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაეთანხმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადებას ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ორგანიზების შესახებ.

რუსული მედია წერს, რომ ხერსონის მახლობლად განლაგებულ რუსულ ქვედანაყოფებს სატრანსპორტო დერეფნებზე უკრაინის საარტილერიო დარტყმების გამო, მომარაგების სირთულეები ექმნებათ. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონიდან ასევე გაყვანილია 115 000-ზე მეტი მოქალაქე.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შესახებ, არის ხაფანგი უკრაინის სამხედრო ძალებისთვის და მიზნად ისახავს ხერსონთან მძიმე ბრძოლებში მათ ჩათრევას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ადრეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად დაიწყეს დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვებისთვის მზადება.

9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.

გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.

მსგავსი პოსტები

Back to top button