მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში“ – უცხოური გამოცემები საქართველოს ნაკრების გამარჯვების შესახებ წერენ

საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“. „საქართველოს აღზევება“ – ასეთი ქვესათაური აქვს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი მოთამაშეები ადრეც გახდნენ ევროპის ჩემპიონები – კერძოდ, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს.
„ახლა საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში“, – წერს „ასოშიეითედ პრესი“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები და მისი ვარსკვლავი, ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები იქნებიან. საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „ასოშიიეთედ პრესი“ აფასებს, როგორც „დაძაბულსა და გამომცდელს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების გოლი პენალტების სერიაში შეცვლაზე გამოსულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, „ეს იყო იდეალური დარტყმა ქვედა კუთხეში“, – აღნიშნულია სააგენტოს სტატიაში.
ასევე, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა საბერძნეთის ნაკრების კაპიტნის მიერ დარტყმული პირველი პენალტი მოიგერია. სტატიაში ნათქვამია, რომ პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში დაუპირისპირდებიან ჩეხებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს გელზენკირხენში დაუპირისპირდება. „ასოშიეითედ პრესი“ იმასაც წერს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის გერმანიის სტადიონები ძალიან კარგად არის ცნობილი, რადგანაც ვილი სანიოლი წლების განმავლობაში წვრთნიდა მიუნხენის „ბაიერნს“.

საქართველომ საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვებით ისტორია დაწერა. „ბიბისი“ წერს, რომ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვესკირის მიერ საბერძნეთის ნაკრების კარში გატანილმა პენალტმა მოუტანა, რასაც თბილისში, ჯერ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონსა და შემდეგ საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში გულშემატკივართა ზეიმი მოჰყვა.
„თამაშის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე გადავიდნენ, რათა ნაკრების წევრებისთვის მიელოცათ. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1990 წელს, ჯერ კიდევ მაშინ ჩაატარა, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირში იყო. მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის მეთხუთმეტედ გავლის შემდეგ მოხვდება“, – წერს „ბიბისი“.
„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო დაპირისპირება განსაკუთრებით დაძაბული და ცოცხალი დამატებით დროში იყო. გამოცემა აღნიშნავს ბერძენი მცველის, კონსტანტინოს მავროპანოსის თავურ დარტყმას, რომელიც კარის ძელს მოხვდა, ასევე, გიორგი მიქაუტაძის გარღვევასა და ზურიკო დავითაშვილის დარტყმას, რომელიც ბერძენმა გოლკიპერმა მოიგერია. გადამწყვეტი კი, „ბიბისის“ მიხედვით, იყო „პოზნანის“ ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის მიერ გატანილი პენალტი, მას შემდეგ, რაც ბერძენმა გიორგოს გიაკუმაკისმა საქართველოს ნაკრების კარს ბურთი ააცილა.

როგორც „როიტერი“ წერს, საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება არეული და ნერვული გამოდგა, ხოლო ძირითად დროში მხარეებს წარმატების მიღწევის ძალიან ცოტა შანსი ჰქონდათ.
სააგენტოს სტატიის მიხედვით, სიტუაცია პირველი ტაიმის ბოლოს დაიძაბა, როდესაც ორივე ნაკრების სათადარიგო სკამზე მყოფი ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და საქართველოს ნაკრების სათადარიგო მეკარემ წითელი ბარათი მიიღო.
„როიტერი“ ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ დარღვევების გამო ბერძენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს.
„ოპტიმისტურად განწყობილმა ქართველმა გულშემატკივრებმა თამაშის წინ სტადიონზე მიიტანეს პლაკატი წარწერით – „საქართველომ ისტორია დაწერა“. თამაშის ბოლოს მათ ამაყად შეეძლოთ ამ პლაკატის აფრიალება, როდესაც ნიკა კვეკვესკირის პენალტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვია და საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე გაიყვანა“, – წერს „როიტრი“.
„მადლობა ქართველ ფანებს. მე ძალიან ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ იყავით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – ციტირებს ხვიჩა კვარაცხელიას სააგენტო „როიტერი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button