მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი ბჟანიას დაპირდა რომ გააფართოებს იმ ქვეყნების წრეს რომლებიც “აფხაზეთს აღიარებენ”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “პრეზიდენტს” ასლან ბჟანიას და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა.
როგორც ekhokavkaza წერს, ლავროვმა მარიონეტებს მოსკოვის მიერ, “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 და ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების” 30 წლისთავი მიულოცა – “ჩვენ გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა”, – დაპირდა ლავროვი ბჟანიას.

ასევე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან შეხვედრის დაწყებისას ლავროვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის”.
ბჟანიამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ურთიერთობები აფხაზეთსა და რუსეთს შორის “დინამიურად ვითარდება”. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის “აღდგენის საინვესტიციო პროექტის” განსახორციელებლად, ახლახან გაფორმებული “შეთანხმებისთვის”.
დე ფაქტო ლიდერმა „ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ხალხის ერთგულება იმ ინტეგრაციის პროცესებისადმი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინიციატივით მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
„ჩვენ ამაში მონაწილეობა გვინდა, ეს აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” – როგორც რუსეთი უწოდებს სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

„დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ“, – განაცხადა მან.

როგორც სააგენტო “აფსნიპრესი” იუწყება, ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვს ახძ-აფშას I ხარისხის ორდენი გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის, აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში“.

ის, რომ ლავროვს ამ მედლით დააჯილდოებდნენ, მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი. “ღირსებისა და დიდების” I ხარისხის ორდენით სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ ფაზილ ისკანდერი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი და ვლადიმირ პუტინი.
გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა 2024-2025 წლების საგარეო პოლიტიკის ერთობლივი გეგმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ცნობისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტს“, ალან გაგლოევს და „საგარეო საქმეთა მინისტრს“, ასხარ ჯიოევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მიულოცა „მოსკოვის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავი და რესპუბლიკის დღე“.

ლავროვის თანახმად, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები “დინამიკურად ვითარდება”. მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს “სამხრეთ ოსეთის” მხარდაჭერას უსაფრთხოების, თავდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში.

„აღვნიშნავთ პოზიტიურ ტენდენციებს ორმხრივ ვაჭრობაში, რომელმაც 2022 წელს მიაღწია თითქმის 140 მილიონ დოლარს – ჯერ კიდევ ვითვლით დოლარებში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვხედავთ დიდ ინტერესს ჩვენს მოქალაქეებში კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება მომდევნო სამი წლის საინვესტიციო პროგრამა. უკვე ამოქმედდა 2025 წლამდე სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ვაფასებთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, მათ შორის თქვენს პირად ყურადღებას ამ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიმართ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ყველა ამოცანა შესრულდება“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ილაპარაკა „’სამხრეთ ოსეთის’ მჭიდრო კოორდინაციაზე რეგიონული პოლიტიკისა და საერთაშორისო საკითხების, ასევე საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით“.

თავის მხრივ, გაგლოევმა განაცხადა, რომ „’სამხრეთი ოსეთი’ მხარს უჭერს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში და ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება“.

„დღეს ყველას გვაქვს რთული პირობები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მაგრამ გვჯერა, რომ თუ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის მიერ დასახული ყველა ამოცანა მიიღწევა. გამარჯვება, რა თქმა უნდა, ჩვენი იქნება. აქ ამაში ეჭვის შეტანის უფლება არავის აქვს“, – აღნიშნა მან.

გაგლოევის თქმით, რუსეთი რჩება „სამხრეთ ოსეთის სანდო პარტნიორად, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად”.

„მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთი ოსეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორთან შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა. მზადაა, განიხილოს ყველა საკითხი, რომლებიც ეხება რეგიონულ უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ დაარწმუნოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ სამხრეთი ოსეთი, თავის მხრივ, რჩება სანდო პარტნიორად, სამხრეთ ფორპოსტად, ძმური, დიადი, ჩვენი დიდი სამშობლოსთვის“, – განაცხადა გაგლოევმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში, რუსეთთან ურთიერთობამ მიაღწია „თანამშრომლობის განვითარების მაღალ დონეს ყველა სფეროში“.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ბჟანიას პრესსამსახურმა დაადასტურა.

იუწყებიან, რომ შეხვედრის დღის წესრიგშია მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი “დამოუკიდებელ” რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button