ბერლუსკონის 3 წელი მიუსაჯეს

ნეაპოლის სასამართლომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – იუწყება Reuters.

სასამართლომ ბერლუსკონი, 2007 წელს, ხელისუფლების შეცვლის მიზნით სენატორების მოსყიდვაში დამნაშავედ სცნო.

2007 წელს, ოპოზიციაში მყოფმა ბერლუსკონიმ, 3 მილიონი ევრო მმართველი გუნდის სენატორების მოსყიდვისთვის დახარჯა, რომლებმაც მოგვიანებით მისი მხარე დაიჭირეს. ამის შემდეგ, ბერლუსკონიმ სამთავრობო კრიზისის ინიცირება მოახერხა, რის შედეგადაც, 2008 წლის იანვარში პრემიერი რომანო პროდი გადადგა.

პროკურატურა ბერლუსკონისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 78 წლის ექსპრემიერს შეუძლია განაჩენი სააპელაციო სასამართლოში, შემდგომ კი საკასაციო სასამართლოში გაასაჩივროს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა ოქტომბრის ბოლოს იწურება, ბერლუსკონის სასჯელის მოხდა დიდი ალბათობით არ მოუწევს და იტალიის კანონმდებლობით, ხანდაზმულ პირებს მსუბუქი დანაშაულის გამო არ აპატიმრებენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სასამართლომ ბერლუსკონის უკანონო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა. შეწყალების კანონის მიხედვით პატიმრობის ვადა 1 წლამდე შეუმცირეს, შემდეგ კი აღკვეთის ფორმა საზოგადოებრივი სამუშაოებით შეუცვალეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button