მნიშვნელოვანირეგიონი

პრემიერ-მინისტრის მამის ეზოს კედლის დაზიანებისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დედოფლისწყაროში, პრემიერ- მინისტრის მამის ეზოს ბეტონის კედლის დაზიანებისათვის ბრალდებულს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდების მხარე, გოჩიტაშვილის დაპატიმრებას ითხოვდა და შუამდგომლობას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებდა .

პროკურორმა სასამართლოს ასევე აცნობა, რომ გიორგი გოჩიტაშვილი, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, 2010 წლიდან სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფი პირია.

სახელმწიფო ბრალმდებელმა განმარტა, რომ თუ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის, ბრალდებულის შეურაცხადობის ფაქტს, ექსპერტიზა დაადასტურებს, შესაძლოა, ის სასჯელისგან განთავისუფლდეს.

თავად ბრალდებული, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის აცილებას ითხოვდა და აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შუამდგომლობის დაყენებაზე, უარს ამბობდა.

სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გოჩიტაშვილის დაპატიმრების თაობაზე, ხოლო ბრალდებულს, ადვოკატის აცილებაზე უარი უთხრა.

საქმეზე სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს, არჩილ ტუხაშვილს, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა არ დაუყენებია. ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული იყენებდა დუმილის უფლებას, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ამ მიზეზით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცნობი იყო.

შეგახსენებთ, გიორგი გოჩიტაშვილი, ტარიელ ღარიბაშვილის ეზოს ბეტონის კედელს, სატვირთო ავტომანქანით, მიზანმიმართულად დაეჯახა.

ფაქტის შემდეგ, ახალგაზრდამ მიმალვა სცადა და გზად რამდენიმე, მათ შორის, პოლიციის ავტომობილი დააზინაა.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 353_ ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button