მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ მცირე 22 644 ოკუპანტი დაიღუპა ფრონტზე მათგან 2100 მობილიზებულია

რუსეთმა უკრაინაში ბოლო ერთ დღეში 590 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს.

ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რაიონებში.

ამ დროის განმავლობაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ნახევარზე მეტი მოხალისეები, მობილიზებულები და პატიმრები არიან. საუბარია გამომძიებლების მიერ იდენტიფიცირებულ 5522 ჯარისკაცზე. აქედან 3100 პატიმარია, რომლებიც მონაწილეობდნენ დონეცკის რეგიონში სოლედარსა და ბახმუტზე თავდასხმებში.

ამავდროულად, ჟურნალისტების მიერ დადასტურებული დანაკარგების რაოდენობით რუსეთის რეგიონებს შორის ლიდერობენ სვერდლოვსკის ოლქი (869 დაღუპული), კრასნოდარის ტერიტორია (850 დაღუპული) და ჩელიაბინსკის ოლქი (737 დაღუპული). ამასთან, ცნობილია მოსკოვიდან 142 გარდაცვლილი, ხოლო პეტერბურგიდან – 202.

დაღუპულთა რეალური რიცხვი, გამომძიებლების აზრით, შეიძლება რამდენჯერმე მეტი იყოს. გარდა ამისა, უცნობია დაკარგულთა და დატყვევებულთა რაოდენობა.

მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 20 000 ადამიანი უკრაინაში, მათგან ნახევარი ვაგნერელი იყო. მისი თქმით, ზარალის მნიშვნელოვანი ნაწილი ბახმუტს დაეცა. ამ და სხვა მიმართულებით ბრძოლებში კიდევ 80 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს მონაცემებს უკრაინასთან ომში დაღუპული ჯარისკაცების, მოხალისეებისა და პატიმრების რაოდენობის შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 198 260 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 13 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3751
ჯავშანტექნიკა – 7307
საარტილერიო სისტემა – 3095
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 561
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 314
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2665
ფრთოსანი რაკეტა – 970
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6011
სპეცტექნიკა – 402

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button