მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.

როგორც მამულაშვილი მედიასთნ საუბარში ამბობს, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მუცლის არეში ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ გაარკვიეს, რა იწვევდა სხვადასხვა ორგანოს ანთებას. თვე-ნახევრის წინ გერმანიაში გაიგზავნა ანალიზები, მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით კი, მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.

მომწამლავი ნივთიერებები მამულაშვილის ორგანიზმში საკვების მიღების გზით მოხვდა, თუმცა ქართველ მებრძოლს არ ახსოვს რა ვითარებაში.
“ვერ ხვდებოდნენ ანთების გამომწვევ მიზეზს, გამოძიებაც დაიწყეს. ამჟამად ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები დაწეულია. ფაქტია, მაღალი მაჩვენებლები იყო. როგორც ამიხსნეს, საკვებით არის უფრო მიღებული, ფხვნილის სახით არის საკვებში შერეული. ხანგრძლივი მკურნალობა მიტარდებოდა, სხვადასხვა ორგანოების ანთება მიმდინარეობდა – ღვიძლის და სხვა. რა კურსსაც გავდიოდი, უფრო დამდგარი შედეგის ანუ ანთების მკურნალობა მიტარდებოდა”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
მამულაშვილი ქართული სპეცსამსახურების შესაძლო კვალზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი რუსეთის დავალებებს ასრულდებენ:

“როგორც ექიმები იძახიან, ეს მოხდა საკვების მიღებით. მოგზავნილი იყო ვინც მუშაობს ქართულ სპეცსამსახურებზე, ტირე, რუსულ სპეცსამსახურებზე იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ჩვენდა სამწუხაროდ, არის რუსული მთავრობის წარმომადგენელი და ესეთი პირები ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან. ” ამბობს მამუკა მამულაშვილი

საქმით უკვე დაინტერესდნენ უკრაინის საგამოძიებო უწყებები. მამულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სისხლში ამ ნივთიერებების რაოდენობა დაწეულია და საგანგაშო ნიშნულზე აღარაა.

ინფორმაცია, რომ ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი რუსმა ოკუპანტებმა მოწამლეს, უკრაინაში მებრძოლმა არჩილ ხოფერიამ დღეს გაავრცელა.

მისი სიტყვებით, ეს უკრაინაში მისი მოწამვლის უკვე მესამე შემთხვევაა.

რუსულ საინფორმაციო წყაროებში მანამდე რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია “ქართული ლეგიონის” მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით. თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელს, უშანგი (მამუკა) მამულაშვილს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, რუსეთს მამუკა მამულაშვილი და ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად “დამნაშავედ” ჰყავს ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button